საპროტესტო აქციაზე მეორე ტურის დანიშვნას ითხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Jan.'08 / 15:34

ათასობით ადამიანი შეიკრიბა დღეს თბილისში, ვარდების მოედანზე, რათა გამოხატონ პროტესტი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ.

”ჩვენ მოვითხოვთ არჩევნების მეორე ტურს; ჩვენ გვინდა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის წინააღმდეგ; ჩვენ გვსურს, რომ სასამართლოები ხალხის ინტერესების სამსახურში იდგნენ და ჩვენი სურვილია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს ხალხს,”- განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს. მან ცესკო-ს ოფიციალური შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორია ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია, რომელიც არჩევნებში გაჩეჩილაძეს უჭერდა მხარს. არჩევნების ოფიციალური შედეგებით მათ უკმაყოფილებას ასევე გამოეხმაურნენ  სხვა ოპოზიციური პარტიებიც. ახალმა მემარჯვენეებმა და ლეიბორისტებმა ასევე გამოთქვეს სურვილი შეუერთდნენ საპროტესტო ტალღას. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მხარდამჭერებს აქციაზე რეგიონებიდანაც ელიან.

დეპუტატმა გია თორთლაძემ, რომელიც კოალიციაში მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პარტიას წარმოადგენს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან გაჩეჩილაძე წარუდგინა, როგორც ”საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტი”.

”სააკაშვილი ვერასოდეს ვერ შეძლებს გახდეს ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ხმებს და არ მივცემთ მას პრეზიდენტად ინაუგურაციის უფლებას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ,”- განაცხადა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან მიტინგზე გამოსვლისას.

სააკაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაცია 20 ან 21 იანვარს გაიმართება.

პრეზიდენტობის ყველა ოპოზიციური კანდიდატი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნების შედეგები, რათა სააკაშვილის გამარჯვება პირველივე ტურში უზრუნველეყო. ახლა ისინი ითხოვენ მეორე ტურს სააკაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის, რომელთაც არჩევნების საბოლოო ოფიციალური შედეგების მიხედვით 53.47% და 25.69% მოიპოვეს, შესაბამისად.

Civil.Ge © 2001-2024