ხიდაშელი: დასავლეთი ან სააკაშვილთან უნდა დადგეს, ან საქართველოსთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Jan.'08 / 18:51

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა გაზეთ ”რეზონანსის” ყოველკვირეულ გამოცემას ”მთელი კვირა” განუცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აირჩიოს ან მიხეილ სააკაშვილს დაუჭიროს მხარი, ან საქართველოს.

ხიდაშელის თქმით, სააკაშვილი ან უნდა დათანხმდეს არჩევნების მეორე ტურზე, ან ის არ იქნება აღიარებული პრეზიდენტი.

მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ს დადებითი პოზიცია áƒáƒ áƒ©áƒ”ვნების მიმართ და განაცხადა, რომ ”ყველამ კარგად იცის”, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ, რომელიც არის სააკაშვილის ”პირადი მეგობარი”. ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციამ დარღვევების შესახებ ყველა დოკუმენტი წარუდგინა აშშ-ს ელჩს საქართველოში, და ”თითოეული ადამიანის წესიერების ხარისხზეა დამოუკიდებული, რამდენიმად გამოიყენებს ამას, ან თაროზე შემოდებს და საერთოდ არ წაიკითხავს”. ”ჩვენ ყველას ვაძლევთ შანსს, რომ ნახოს სიმართლე, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული,” - დასძინა მან.

ხიდაშელის განცხადებები ეუთოს სადამკვირვებლო მისიასთან დაკავშირებით უფრო ფრთხილი იყო. მისი თქმით, გამოქვეყნებული დასკვნები ჯერ საბოლოო არ არის. ”ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” - განაცხადა მან. მისი ეს განცხადება მკვეთრად განსხვავდება კონსერვატორული პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებისგან, რომლის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 12 იანვარს განაცხადა, რომ ”ეუთოს დამკვირვებლების უმეტესობა არჩევნების დღეს ნასვამი იყო”.   

Civil.Ge © 2001-2024