ოპოზიცია სააკაშვილის ლეგიტიმურობას არ ცნობს და საპროტესტო აქციებს აგრძელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Jan.'08 / 16:07
სივილ ჯორჯია

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ, რომელიც ლევან გაჩეჩილაძეს უჭერდა მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში, 17 იანვარს განაცხადა, რომ აგრძელებს ბრძოლას ”არჩევნების გაყალბებული შედეგების” გაუქმების და ხმების გადათვლის მოთხოვნით არ ცნობს რა მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობას და უარს ამბობს მასთან თანამშრომლობაზე. 

ოპოზიცია მოუწოდებს მხარდამჭერებს 20 იანვარს 2 საათზე იპოდრომის მოედანზე საპროტესტო აქციაში მონაწილეობისაკენ, რომელიც ახლად არჩეული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის პარალელურად გაიმართება.

ამასთან ოპოზიცია ”პროვოკაციას” უწოდებს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ”პომპეზურ სამხედრო ინაუგურაციას”, რაც ”არანაირად არ შეუწყობს ხელს სამოქალაქო თანხმობას”.

ეს განცხადება ოპოზიციური კოალიციის სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 17 იანვარს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიცია უარს ამბობს ”ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ ყოველგვარ სამთავრობო თანამდებობებზე”.  მთავრობაში თანამდებობები ოპონენტებს მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ შეთავაზა.

იმავდროულად, ოპოზიცია პარლამენტს, როგორც ”ლეგიტიმურ” ორგანოს სამი ”კატეგორიული” მოთხოვნით მიმართავს.

ოპოზიცია მოითხოვს ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციის შორის სრული პარიტეტის პრინციპით. ამჟამად, ცენტრალურ და საუბნო კომისიებში ხელისუფლებას 7, ხოლო ოპოზიციას 6 წარმომადგენელი ჰყავს. საოლქო კომისიები კი პროფესიული ნიშნით შერჩეული 5 წევრითაა წარმოდგენილი.

ოპოზიცია ასევე ითხოვს, ცესკო-ს თავმჯდომარე დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით. ოპოზიცია ცესკო-ს ამჟამინდელ თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს სააკაშვილის სასარგებლოდ ”ხმების მოპარვაში” ადანაშაულებს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს.

კვლავ ძალაში რჩება ოპოზიციის მოთხოვნა  - ”საზოგადოებრივი მაუწყებლობა დაუბრუნდეს ხალხს”, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა მზადყოფნა არხის რეორგანიზაციისა და მისი სამეურვეო საბჭოს ოპოზიციასთან შეთანხმებითა და ”გარკვეული პარიტეტით” დაკომპლექტების თაობაზე.

”სამეთვალყურეო საბჭო დაკომპლექტდეს პარიტეტის პრინციპით, გენერალური დირექტორი დაინიშნოს მხარეებს შორის შეთანხმებით, უზრუნველყოფილი იყოს საინფორმაციო და ანალიტიკურ პროგრამებში საეთერო დროის თანაბარი განაწილება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის,”- áƒœáƒáƒ—ქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს სამართალდამცავ სისტემაზე ეფექტური მონიტორინგის სისტემის შექმნას და უკანონო მოსმენების პრაქტიკის შეწყვეტას; ასევე პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ბოლო წლებში პოლიტიკური აქტივობის გამო დასჯილი პირების გათავისუფლებას. თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული ვის გათავისუფლებაზეა საუბარი.

”ქვეყანაში არჩევნების ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაჩენა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სამოქალაქო თანხმობის აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ამ პირობების შესრულებითა და სხვა აუცილებელი ცვლილებებით სასამართლოს დამოუკიდებლობის, პარლამენტის როლის გაძლიერებისა და ბიზნესის თავისუფლების უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს ოპოზიციური კოალიცია.

Civil.Ge © 2001-2024