ეუთო კენჭისყრის შემდგომ პროცედურებზე კრიტიკულ მოხსენებას აქვეყნებს
/ 19 Jan.'08 / 13:40
სივილ ჯორჯია

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) ხმის დათვლის პროცესი ზოგიერთ უბანში შეაფასა როგორც ”ცუდი ან ძალიან ცუდი” და აღნიშნა, რომ áƒªáƒáƒšáƒ™áƒ”ულ უბნებზე áƒáƒ›áƒáƒ›áƒ áƒ©áƒ”ველთა ”უჩვეულოდ მაღალი” აქტივობა დაფიქსირდა, განაცხადა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ თავის შუალედურ მოხსენებაში, რომელიც არჩევნების შემდგომ პერიოდს ეხება.

მოსალოდნელია, რომ ოპოზიციური პარტიები აიტაცებენ OSCE/ODIHR-ის შუალედურ მოხსენებას, რომელიც 6 იანვრიდან 18 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, რადგანაც ის ასახავს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც ოპოზიციამ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაახმოვანა.   

არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია (IEOM) საქართველოს მასშტაბით 180 საუბნო კომისიაში დააკვირდა ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმების შედგენის პროცესს.

”ხმების დათვლის 23% შეფასდა, როგორც ცუდი ან ძალიან ცუდი. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ დათვლის პროცესის 8%-ში ისინი შემაჯამებელი ოქმების შეცვლის მოწმენი გახდნენ. 21%-ში მათ მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”მონაცემები ხშირად შეიცავდა უზუსტობებს; ცესკო-ს თანამშრომლებმა აცნობეს OSCE/ODIHR და IEOM -ს, რომ 3 511 საარჩევნო უბნიდან 940-ში იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელთაც ხმა მისცეს, არ ემთხვეოდა ნამდვილი და ბათილი ბიულეტენების ჯამს”.

მოხსენებაში საოლქო საარჩევნო კომისიაში შედეგების შეჯამების პროცესი შეფასებულია, როგორც ”ნელი, არც თუ ისე კარგად ორგანიზებული და ხშირად ქაოტური”.

”იყო შემთხვევები, როდესაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიისთვის საუბნო კომისიების მიერ გადაცემული ოქმები განსხვავდებოდა საოლქო კომისიების მიერ მოწოდებულისგან,” - ნათქვამია მოხსენებაში. მაგალითად მოყვანილია ოქმები ბათუმის, ლენტეხის და დმანისის საოლქო კომისიებიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის მიცემული ხმები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

მოხსენების თანახმად, იყო შემთხვევები, როდესაც საოლქო კომისიებმა გადაასწორეს უბნების ოქმები, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს საოლქო კომისიის მიერ საუბნო ოქმების შესწორებას და საოლქო კომისიას შეზღუდული როლი აქვს ხმების დათვლის პროცესში.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა საშუალო მონაცემს - 56.19%; დაახლოებით 23 უბანზე 100%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, 205 უბნის ცნობით კი, აქტივობამ 90%-დან 100%-მდე შეადგინა.

”საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში კენჭისყრის დასრულებამდე ბოლო სამ საათში უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნების დღიდან ცოტა ხანში ცესკო-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 79 საარჩევნო უბანში 500-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა ხმა ამ პერიოდში [ბოლო სამი საათის მანძილზე],” - ნათქვამია მოხსენებაში, თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ”უფრო სრული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ცესკო-ს ვებ-გვერდზე განთავსებული ოქმები იძლევა, 17 იანვრის ინფორმაციით, ამგვარი უბნების რაოდენობა 45-ს შეადგენს”.

შუალედური მოხსენება ასევე კრიტიკულად აფასებს სასამართლოებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებში საჩივრების განხილვის პროცესს, აცხადებს რა, რომ ”აშკარად ადგილი ჰქონდა საჩივრების არსებითი განხილვისგან თავის არიდებას”.

ეს საჩივრები ოპოზიციურმა პარტიებმა და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წარადგინეს მაშინ, როცა ნაციონალურმა მოძრაობას თითქმის არც ერთი არ შეუტანია. 

”ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციებმა და სასამართლოებმა სრულად და ადეკვატურად არ განიხილეს და გამოიძიეს საჩივრების მნიშვნელოვანი ნაწილი ხმის მიცემის, ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”ზოგიერთი საჩივარი შეიცავდა სერიოზულ ბრალდებას ხმის რამდენჯერმე მიცემის, ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრის და ოქმების გაყალბების შესახებ, ასევე მოთხოვნებს საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილების თაობაზე”.  

”OSCE/ODIHR IEOM-მა მიიღო ინფორმაცია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, ადგილობრივი ადმინისტრაცია და სასამართლოები აქტიურად მოუწოდებდნენ áƒ“ამკვირვებლებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს არ შეეტანათ საჩივრები ან ურჩევდნენ უკან გამოეტანათ ისინი,”- ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენებაში ასევე გაკრიტიკებულია ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ  ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრების განხილვის სტილი.

”მან [ცესკო] არასწორად თქვა უარი ოქმების გაბათილებასთან დაკავშირებული  რამდენიმე საჩივრის განხილვაზე იმ მოტივით, რომ მხოლოდ სასამართლოს აქვს ამის უფლებამოსილება,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”გარდა ამისა, ცესკო-ს თავმჯდომარემ [ლევან თარხნიშვილმა] არასწორად განაცხადა, რომ ცესკოს არ გააჩნია საგამომძიებლო ფუნქციები. ერთ-ერთ ასეთი შემთხვევის დროს ცესკო-მ უარი თქვა განეხილა ოფიციალური ვიდეო ჩანაწერი, სავარაუდოდ, საუბნო კომისიაში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, განაცხადა რა, რომ ცესკო-ს ამის უფლებამოსილება არ გააჩნია. თუმცა, 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში ცესკო-მ აღნიშნა, რომ ის მზად იყო მიეწოდებინა მხარეებისთვის საუბნო კომისიებში არჩევნების დღის პროცედურების შესახებ გადაღებული ვიდეომასალა, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენის ვადა ამოიწურა”.

OSCE/ODIHR-ი თავის საბოლოო დასკვნას 5 იანვრის არჩევნების შესახებ თებერვალში გამოაქვეყნებს.

6 იანვარს გამოქვეყნებულ წინასწარ დასკვნაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა, რომ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები, თავისი არსით, შეესაბამებოდა დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ ასევე გამოვლინდა სერიოზული გამოწვევებიც, რომელთა დაუყონებლივ მოგვარებაა საჭირო.

OSCE/ODIHR-ის განცხადებით, 18 იანვარს გამოქვეყნებული მორიგი შუალედური მოხსენება არჩევნების წინასწარ შუალედურ დასკვნასთან და წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნებთან ერთობლიობაში უნდა იქნას განხილული.

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024