”ჩვენ არ გავჩერდებით” - მიმართა ოპოზიციამ აქციაზე შეკრებილ ათასობით მოქალაქეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Jan.'08 / 19:08

ოპოზიციურმა კოალიციამ 20 იანვარს საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს განუცხადა, რომ უკან არ დაიხევს და განაგრძობს ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ოპოზიციამ მოიხსენია, როგორც ”ყალბი” და ”დე ფაქტო” პრეზიდენტი. ამით მათ ხაზი გაუსვეს, რომ არ აღიარებენ მის ლეგიტიმურობას.

”ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვჭირდება [ხელისუფლებასთან],” - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ იპოდრომზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ”უნდა მოვიდეს სამართლიანობა, სამართლიანი არჩევნები და თავისუფალი მედია, თუ ეს არ იქნა, არ იქნება არანაირი არჩევნები და ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ საერთო სახალხო მოძრაობას გადავარქვათ ერთ მშვენიერ დღეს საერთო სახალხო აჯანყება და ეს არის ქართველი ხალხის ნება... პრეზიდენტს უნდა გამოუცხადოს ნდობის მანდატი ხალხმა...არ არის ჩვენი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”.

”ჩვენ არ დავუშვებთ სამოქალაქო დაპირისპირებას. იმიტომ რომ ჩვენ არ დავუშვებთ სისხლისღვრას. არც ერთი სკამი, არაფერი არ ღირს იმისთვის, რომ გინდაც ერთი ადამიანის სისხლი დაიღვაროს ამ ქვეყანაში, მაგრამ ნელ-ნელა, ჩვენ ვდებთ პირობას, რომ როგორც ეს ხალხი გამოეცალა ხელისუფლებას, ისე გამოეცლება მთელი ჯარი, მთელი პოლიცია. სანამ ამ ქვეყანაში არ გათავისუფლდება სასამართლო, არ გათავისუფლდება ტელევიზიები და მედია, არ გათავისუფლდებიან ჟურნალისტები, არ გათავისუფლდება ცენტრალური საარჩევნო კომისია... ჩვენ ვაიძულებთ სააკაშვილს, რომ დატოვოს საერთოდ ეს ქვეყანა,” - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მომიტინგეებმა იპოდრომზე შეკრება სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებიდან ცოტა ხანში დაიწყეს. ინაუგურაცია, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე გაიმართა, სამხედრო აღლუმით დასრულდა. ოპოზიციური კოალიციის საპროტესტო აქციას ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდნენ.

დეპუტატმა ზვიდ ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა აქციაზე, რომ ოპოზიციურ კოალიციას აქვს ახალი ლოზუნგი - ”არ გავჩერდებით, არ შევეგუებით, უკან არ დავიხევთ”- რომელმაც წინა ლოზუნგი  - ”არ გვეშინია” შეცვალა.

”ეს არის ყალბი პრეზიდენტი,” - განაცხადა ძიძიგურმა, ”მე მინდა ყველა მთავრობას, ყველა იმ მაღალ პერსონას, ვინც უცხოეთიდან ჩამოვიდა დღეს ინაუგურაციაზე დასასწრებად, ვუთხრა, ნუ მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ... ნამდვილი ლეგიტიმაცია ის არის, როდესაც უცხოეთის ქვეყნები კი არ გაღიარებენ, არამედ საკუთარი ხალხი გაღიარებს... ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ მიშა სააკაშვილი საქართველოს პრეზიდნეტად არც ფაქტობრივად, არც იურიდიულად არ იყოს. ეს არის ძალიან ადვილად მისაღწევი”.

თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა: ”მე ძალიან მცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში ინაუგურაცია ჩატარდა ტანკებით და თვითფრინავებით. ეს იყო ყველაზე დიდი სირცხვილი, ეს იყო ყველაზე დიდი პროვოკაცია, რომელიც ამ ხელისუფლებამ მოუწყო საკუთარ ხალხს... ჩვენი გზა არ არის დაპირისპირების გზა. ოთხი თვის მანძილზე ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ჩვენ ვართ ყველაზე უფრო მშვიდობიანი, თავისუფლების მოყვარული და დემოკრატიული ხალხი”.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ”ამ დე ფაქტო პრეზიდენტმა ჩაატარა დე ფაქტო ინაუგურაცია”.  

”ერთის მხრივ, არის დღე სიცრუისა, სიყალბისა, თვითმარქვია პრეზიდენტის აყსადრებისა და მეორეს მხრივ ეს დღე გარკვეულ იმედებს ბადებს მეგობრებო, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ხალხი ასეთი შემართებით მოვიდა დღეს, რათა დააფიქსიროს თავისი ურყევი ნება, რომ არ შეეგუება სიცრუეს, არ შეეგუება სიყალბეს,” - განაცხადა პარტია ”თავისუფლების” ლიდერმა კონსტანტინე გამსახურდიამ, ”ჩვენ დავასრულებთ ამ ხელისუფლების დემონტაჟის საქმეს, ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე საქართველო არ გათავისუფლდება სააკაშვილისგან და მისი ნარჩენებისგან”.

”დღეს მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია არის ჩაშლილი.... ინაუგურაციაზე იყო ყველაფერი, მაგრამ არ იყო მთავარი, რაც თან უნდა ახლდეს ინაუგურაციას, ამ ინაგურაციაზე არ იყო ქართველი ხალხი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი აქ არის და აქ არის ინაუგარაცია,” - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა: ”მე მინდა მივმართო ყველა სტუმარს ვინც ჩამოვიდა, რომ საქართველო აქ არის და საქართველო არ ცნობს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტად”.

დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან განაცხადა: ”ჩვენ გვმართებს უარის თქმა მათთან ყოველგვარ თანამშრომლობაზე... ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ ერთხმად, რომ საააკშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში სამი თვითმარქვია პრეზიდენტია და ერთმანეთზე გადაბმულებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ პოლიტიკური და მორალური დაუმორჩილებლობა ამ ხელისუფლებასთან მიმართებაში”. 

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის áƒáƒ®áƒšáƒáƒ“შექმნილი პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, ასევე მიმართა მონიტინგეებს. მისი თქმით, ის არ ცნობს სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ბოლო დღეების რიტორიკა მიუთითებს, რომ აზრი დაკარგა მოთხოვნამ უკვე არჩეულ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მათ კანდიდატს ლევან გაჩეჩილაძეს შორის არჩევნების მეორე ტურის გამართვის თაობაზე.  ოპოზიცია აცხადებს, რომ ისინი განაგრძობენ ზეწოლას ხელისუფლებაზე, მათ შორის საპროტესტო აქციების გზითაც, რათა მოიპოვონ ბერკეტები მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციებზე იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე.

 

Civil.Ge © 2001-2024