ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Jan.'08 / 11:51

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს სტრასბურგში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. მიღებული რეზოლუცია უმნიშვნელოდ განსხვავდება მისი პროექტისგან.

ასამბლეამ არ დააკმაყოფილა რუსეთის დელეგაციის წინადადება, რომელიც რეზოლუციის ტექსტიდან შემდეგი წინადადების ამოღებას მოითხოვდა: ”კონფლიქტის ყველა დაინტერესებული მხარე, კერძოდ რუსეთის ფედერაცია...” - აცხადებდა რა, რომ ეს წინადადება შეიძლება ისე იყოს აღქმული, თითქოს რუსეთის ფედერაცია კონფლიქტის ერთ-ერთი მხარეა.

რუსეთის დელეგაცია კიდევ ერთ მოთხოვნას აყენებდა. კერძოდ, ის მოითხოვდა რეზოლუციაში იმ დებულების ჩამატებას, რომელიც მოუწოდებდა საქართველოს არ გამოეყენებინა ძალა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში. თუმცა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში მათიას იორშიმ განაცხადა, რომ ”უსამართლო” იქნებოდა ამ წინადადების ჩამატება, რადგანაც ეს იმგვარად იქნებოდა ინტერპრეტირებული, თითქოს საქართველოს აქვს განზრახვა კონფლიქტები ძალისმიერი გზით მოაგვაროს.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა ”სინანულს გამოთქვამს” იმის გამო, რომ საქართველოს ბოლოდროინდელმა კრიზისმა გადაფარა ის ”უამრავი პოზიტიური ნაბიჯი”, რომელიც ხელისუფლებამ საქართველოს ვალდებულებების შესასრულებლად გადადგა.

ბოლოდროინდელ კრიზისთან მიმართებაში რეზოლუციაში ნათქვამია: ”ასამბლეა სინანულს გამოთქვამს იმ მოვლენების გამო, რომელიც წინ უძღოდა ვადამდელ არჩევნებს - კერძოდ, 2007 წლის 7 ნოემბერს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლის გამო, რასაც მოყვა ორი ოპოზიციის მხარდამჭერი ტელევიზიის დროებითი დახურვა და საბოლოოდ, გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე”.

”ამ ქმედებებმა შელახა საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია როგორც მისი მოსახლეობის თვალში, ისე საზღვარგარეთ,” - ნათქვამია რეზოლუციაში; თუმცა, áƒ˜áƒ¥áƒ•áƒ” აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებამ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისათვის პლებისციტის დანიშვნის თაობაზე ”შეაჩერა დაძაბულობის ესკალაცია და ეს მხოლოდ მისასალმებელია”.

რეზოლუცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში ”აღიარონ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები”. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და ამიტომ სააკაშვილს ”არალეგიტიმურ” და ”დე ფაქტო” პრეზიდენტს უწოდებენ.

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ”ნებისმიერი პრეტენზია ფალსიფიკაციის ან არჩევნების გაყალბების შესახებ უნდა მოგვარდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალიწინებულ სამართლებრივ ჩარჩოებში”. რეზოლუციის პროექტში ეს წინადადება შემდეგი ფრაზით გრძელდებოდა: ”და არა ქუჩის აქციების გზით”. თუმცა, საბოლოო ვერსიიდან ეს წინადადება ამოღებულ იქნა.

”ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიოს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა  საჩივარი და დასაჯოს ისინი, ვინც შესაძლოა დაარღვია კანონი,” - ნათქვამია რეზოლუციაში.

ის ასევე მიესალმება ”აქტიური და ერთიანი ოპოზიციის” გამოჩენას. თუმცა, ხაზს უსვამს, რომ ”იმისათვის, რომ გრძელვადიანი მხარდაჭერა მოიპოვოს ქვედა დონეეზე, განსაკუთრებით მომავალი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ოპოზიციამ უნდა დაიწყოს საკითხზე ორიენტირებული და სანდო ალტერნატივების შეთავაზება მოსახლეობისთვის და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაერთოს მმართველ პარტიასთან [ნაცვლად ხელისუფლებისა, როგორც ეს რეზოლუციის პროექტში ეწერა] ყველა ძირითად საკითხზე”.

Civil.Ge © 2001-2024