ლეიბორისტები ოპოზიციის მემორანდუმს არ უერთდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Jan.'08 / 20:19

ლეიბორისტული პარტია ხელს არ მოაწერს ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის მიერ მომზადებულ მემორანდუმს, სადაც ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის მოთხოვნები იქნება ასახული.

მემორანდუმს უერთდებიან ახალი მემარჯვენეები, მრეწველები და გია მაისაშვილის მომავლის პარტია.

ლეიბორისტული პარტიის წევრის გიორგი გუგავას განცხადებით, პარტია არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. 

”იყო საუბრები [ოპოზიციასთან], მაგრამ დამატებით მემორანდუმის შემუშავება და მოთხოვნების გაწერა საჭიროდ არ მიგვაჩნია”, - განუცხადა Сivil.ge-ს გიორგი გუგავამ, ”ჩვენ გვაქვს ერთი სტრატეგია  - მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმი მოვაცილოთ მმართველობას”.

ოპოზიცია მემორანდუმი პრეზენტაციას ხვალ მოაწყობს, სადაც ძირითადი მოთხოვნები იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დეპოლიტიზირება, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ხელახლა გადათვლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის áƒ˜áƒœáƒ¡áƒ¢áƒ˜áƒ¢áƒ£áƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ შემოღება.

”თუ ამ მემორანდუმში დასახელებული საკითხები არ შესრულდება, ჩვენ გავამძაფრებთ სამოქალაქო წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის კამპანიას,”- განაცხადა 28 იანვარს ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა ოპოზიციური კოალიციიდან.

მემორანდუმის მხარდამჭერმა ოპოზიციურმა ძალებმა დღეს შეხვედრა გამართეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.   

”ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა ელჩებს, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა საპარლამენტო არჩევნებამდე,”- განუცხადა Civil.ge-ს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ, ”სამწუხაროდ ხელისუფლებისაგან ამასთან დაკავშირებით არანაირი ინიციატივები არ არის, როგორც ჩანს, ისინი არ აპირებენ ამ კრიზისის განმუხტვას და ამიტომ ოპოზიციური პარტიები ვიღებთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობას, თუ როგორ უნდა მოხდეს საპარლამენტო არჩევნებამდე სიტუაციის განმუხტვა”. 

 

 

Civil.Ge © 2001-2024