თებერვლის ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდება - ბურჯანაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 Jan.'08 / 12:57

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესი თებერვლის ბოლომდე დასრულდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 31 იანვარს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პარიტეტული პრინციპით დაკომპლექტება 12 ოპოზიციური პარტიის ერთიანი მემორანდუმის ერთ-ერთი მოთხოვნაა. თუმცა ამ საკითხზე ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ნინო ბურჯანაძემ 15 იანვარს გამოაცხადა.

18 იანვარს გამოცხადდა 30-დღიანი კონკურსი სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად. თუმცა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებისათვის ამას გარდა 50-დღიანი პროცედურაა გაწერილი.

”ვინაიდან ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ  შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე იქნეს რეალიზებული და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაქსიმალურად სწრაფად მოიპოვოს ნდობა საზოგადოების ყველა ფენაში, ამიტომ მაქსიმალურად შემჭირდოვებულ ვადებში ვიმუშავებთ და როგორც კი გავა 30-დღიანი ვადა უმოკლეს დროში, თებერვლის ბოლომდე კონსენსუსის საფუძველზე შევქმნით საბჭოს,”- განაცხადა ბურჯანაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურად არის განწყობილი ოპოზიციის დანარჩენ ”მოსაზრებებთან და წინადადებებთან” დაკავშირებით დაგეგმილი კონსუტაციების წინ.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ მმართველმა პარტიამ 15 თებერვლამდე შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც მემორანდუმშია ასახული.

”მე ვფიქრობ, რომ ალბათ ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გულისხმობდნენ კონსულტაციების დაწყებას იმიტომ, რომ აქ არის ჩამოთვლილი საკითხები, თუნდაც კონსტიტუციური ცვლილებები, რომელთა 15 თებერვლამდე მიღება ფიზიკურად შეუძლებელია,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება მიღწეული შეთანხმებების თაობაზე ეტაპობრივად შეიტყობს, ”რა თანმიმდევრობითაც საკითხების მოგვარება მოხერხდება”.

Civil.Ge © 2001-2024