ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ მოლაპარაკებები დაიწყეს
/ 1 Feb.'08 / 20:20
სივილ ჯორჯია

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მემორანდუმთან დაკავშირებით 1 თებერვალს კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა, რომელიც უფრო მოსაზრებების ურთიერთგაცვლას დაეთმო, ვიდრე კონკრეტული შეთანხმებების მიღწევას. თუმცა გამოიკვეთა იმ საკითხების კონტურები, რომლებზეც შესაძლოა ხელისუფლება კომპრომისზე წავიდეს.

შეხვედრას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მონაწილეობით სამ საათს გაგრძელდა, ასევე ესწრებოდნენ ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი და დეპუტატები უმრავლესობიდან:  ლევან ბეჟაშვილი, პავლე კუბლაშვილი და ირინა ქურდაძე. ოპოზიციის მხრიდან მოლაპარაკებებს წარმართავდნენ ოპოზიციური კოალიციის ლიდერები კახა კუკავა (კონსერვატორები), დავით უსუფაშვილი (რესპუბლიკელები), კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია), გია ცაგარეიშვილი (მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის), პაატა დავითაია (ჩვენ თვითონ); ასევე დეპუტატები მამუკა კაციტაძე ახალი მემარჯვენეებიდან და ზურაბ ტყემალაძე მრეწველებიდან.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციისა და მმართველის პარტიის წარმომადგენლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ კონსულტაციები სასარგებლო იყო, რადგან გაირკვა ოპოზიციის ერთიან მემორანდუმში ასახული 17 მოთხოვნის ხედვა. თუმცა მათ თავი შეიკავეს მეტი კომენტარისაგან იმ მოტივით, რომ კონკრეტიკამ არ დააზიანოს დიალოგის რეჟიმი.

თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ კომენტარებში გამოიკვეთა, რომ  საარჩევნო ადმინისტრაციის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ახალი პარლამენტის მიერ მთავრობის დამტკიცებას გულისხმობს,  პოზიციათა მეტ-ნაკლები დაახლოება მოხერხდა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია ცალკეულ საკითხებზე, თუმცა ახლა საჭიროა მათი შესრულების მეთოდებსა და ფორმულირებებში მეტი სიცხადის შეტანა მომდევნო კონსულტაციებისთვის, რომელიც 5 თებერვალს არის დაგეგმილი.

”მათ [ოპოზიციამ] გაიგეს ჩვენი პოზიცია და შევთანხმდით, რომ მომავალ შეხვედრაზე უკვე კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული მოდელებით მოვალთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა, ”ეს საკითხებია მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, არჩევნების თარიღის განსაზღვრის საკითხი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალიების გათვალისწინებით შესაძლებელია ის, რომ ხელახლა მოხდეს მთავრობის დაკომპლექტების საკითხის წამოწევა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის”.

მმართველი პარტია შედარებით ინერტულია იმ ინიციატივებთან დაკავშირებით, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხება. ოპოზიციის მოთხოვნაა შეიქმნას სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემა პარიტეტულ საწყისებზე , კერძოდ, პარლამენტის საგამოძიებო კომისია და მონიტორინგის რეგიონული საბჭოები, რომლებიც ”გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს”.

”ჩვენც ვფიქრობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, მაგრამ ახლა ვერანაირად ვერ მოესწრება შესაბამისი კანონმდებლობის მომზადება და შესაძლოა, შემდგომ გადაიდოს მომავალი საპარლამენტო საქმიანობისთვის”, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ოპოზიცია ასევე ითხოვს შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომას, მაგრამ თითქმის გამორიცხულია ეს მოთხოვნა ხელისუფლებამ დააკმაყოფილოს.

”ეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, ” ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ანახა, რომ შესაძლებელია ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გავარკვიოთ საბოლოო პოზიციები. შევთანხმდით, რომ გარკვეულ დროში ისინიც, ჩვენც დავაზუსტებდით საკითხებს და ვიქნებოდით მზად მომავალ კვირაში გავაგრძელოთ დიალოგი”.

მხარეები შეთანხმდნენ შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მემორანდუმის მოთხოვნებს სათითაოდ შეისწავლიან.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდი მეტ სიცხადეს შეიტანს 17 საკითხიდან რომელზე დათანხმდება ან არ დათანხმდება ხელისუფლება.

”სამშაბათს ხელისუფლება წარმოადგენს თავის საბოლოო პოზიციას. სამშაბათს ჩვენ გვეცოდინება 17 საკითხიდან რამდენ საკითხზე ხერხდება შეთანხმება, რამდენ საკითხზე კომპრომისი და რამდენი საკითხია შეუთანხმებელი”- განაცხადა კახა კუკავამ. ”ჩვენ ვითხოვთ 17-ვეს... ამასთან დაკავშირებით უკვე ხელისუფლების შიდა კონსულტაციები ჩატარდება”.

”ჩვენ პირველი რეაქციები მოვისმინეთ áƒ®áƒ”ლისუფლების წარმომადგენლების,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა, ”რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას, მისი მიღება შესაძლებელი იქნება სამშაბათის შეხვედრაზე. არის შეუთანხმებელი საკითხები და არის საკითხები, სადაც პროგრესი შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ კიდევ ვუბრუნდებით საკითხს, რომ კომპლექსურია ჩვენი მოთხოვნები და ჩვენ არ ვაპირებთ ერთი საკითხის კომპრომისს სხვა საკითხებთან მიმართებაში”.

Civil.Ge © 2001-2024