ბურჯანაძე ოპონენტებს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Feb.'08 / 11:30

ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის მიზნით საპროტესტო აქციებისკენ ოპოზიციის მოწოდებების არანაირი საჭიროება არ არის, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე  ნინო ბურჯანაძე და ოპონენტებს კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებს.

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ განაცხადა, რომ მმართველ პარტიასთან მემორანდუმის საკითხებზე მოლაპარაკებების პარალელურად განაგრძობს საპროტესტო კამპანიებს. დღეს ახალგაზრდა ოპოზიციონერები დაიწყებენ ხელმოწერების შეგროვებას  - ”მე არ ამირჩევია სააკაშვილი”. 7 და 8 თებერვალს კი გამართავენ მიტინგებს.

იმავდროულად, ოპოზიცია 15 თებერვლისთვის ამზადებს მასშტაბურ აქციას, რომელიც პერმანენტულ ხასიათს მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მემორანდუმის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

”გაუგებარია საუბარი გამუდმებულ მოწოდებებზე, მანიფესტაციებზე და შეკრებებზე, როგორც ერთ-ერთ შესაძლებლობაზე თითქოსდა ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის. ამის არანაირი აუცილებლობა და რეალური საფუძველი უბრალოდ არ არსებობს,”- განუცხადა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს 4 თებერვალს, ”ამიტომ მე მართლაც მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გავაგრძელოთ იმ კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით და რომელიც ბევრად უფრო პერსპექტიულია, ვიდრე საუბარი ბოიკოტებზე, აქციებზე, რაღაც დაპირისპირებაზე ან ულტიმატუმზე”.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ოპოზიციასთან მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს განახლდება 5-დღიანი ტაიმ-აუტის შემდეგ.  

თუმცა 4 თებერვალს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაიმართა შუალედური შეხვედრა, სადაც მხარეთა პოზიციები დაახლოვდა პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების წესთან დაკავშირებით.

ოპოზიცია მოითხოვს, რომ დღეს მოქმედი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა (მოგებულს ყველაფერი რჩება) შეიცვალოს იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად. საუბარია ე.წ რეგიონული სიების პრინციპზე, რაზეც ორივე მხარე თანხმდება.

”რეგიონული სიების პრინციპი მისაღებია,”- განუცხადა ჟურნალისტებს 4 თებერვალს  დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან, ”მაგრამ ოლქების და მათში მანდატების რაოდენობა არის მსჯელობის საგანი, მათ შორის არჩევის წესი, დათვლის პრინციპი. ვფიქრობ, რომ ხვალ ეს თემა დამთავრდება”. 

ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს საკითხის დეტალებზე საუბრისაგან, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ გახმოვანდება .

”მოვიფიქრეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები [მაჟორიტარულ სისტემაზე],” - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა შუალედური კონსულტაციების შემდეგ, â€áƒ®áƒ•áƒáƒš იქნება მიღებული საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილებები”.

Civil.Ge © 2001-2024