ოპოზიცია კონკრეტულ შედეგებს ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Feb.'08 / 10:41
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა 5 თებერვალს მმართველ პარტიასთან გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ განაცხადეს, რომ მათ ”კონკრეტული შედეგების” მიღება სურთ და არა მხოლოდ ცარიელი სიტყვების.

”პროცესი ძალიან იწელება,” - განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა. ”ერთის მხრივ, იკვეთება ის ტენდენცია, რომ ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ყველა ეს საკითხი დაკავშირებულია საკანონმდებლო ცვლილებასთან და თავისთავად მოითხოვს დროს. ამიტომ ჩვენ ასე ვაყენებთ საკითხს: არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც საკანონმდებლო ცვლილება და დროს არ სჭირდება და ეს არის [საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თამარ] კინწურაშვილის გათავისუფლება თანამდებობიდან, [ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან] თარხნიშვილის გათავისუფლება თანამდებობიდან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება [მას მხედველობაში ჰყავდა ის ადამიანები, რომლებიც 7 ნოემბრის არეულობების დროს დააპატიმრეს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის და მათზე თავდასხმის მოტივით]. ჩვენ გვინდა ვიხილოთ ამ საკითხების გადაწყვეტა ძალიან მოკლე დროში”.

რეპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიღწეულია შეთანხმება ზოგიერთ საკითხზე, ოპოზიციას რეალური შედეგები სჭირდება. ის სავარაუდო შეთანხმებები, რომლებიც აქამდე იქნა მიღწეული, ეხება მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის წესს, ასევე იმ კონსტიტუციურ ცვლილებას, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობა ავტომატურად გადადგება. თუმცა, ყველა ამ საკითხს დრო სჭირდება, რადგანაც შესაბამისი საკანონდებლო ცვლილებები უნდა იქნას მიღებული.

”ჩვენ გვინდა დავინახოთ ძალიან კონკრეტული შედეგები,” - განაცხადა თინა ხიდაშელმა, ”ჩვენ გვჭირდება ხალხისთვის იმის თქმა, რომ შეიძლება ამ ხელისუფლების სიტყვის ნდობა. ჯერ-ჯერობით ის სიტყვა, რაც ხელისუფლებისგან ითქვა, არ შესრულებულა, ამიტომ რაიმე ნდობაზე საუბარი შეუძლებელია. შემდეგ შეხვედრაზე, რომელიც მას შემდეგ შედგება, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ჩვენ ველოდებით, რომ საკითხები იქნება გადაწყვეტილი და არა ნათქვამი”.

დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან განაცხადა: ”არსებობს დაპირებები, თუმცა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა”.

დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა მმართველი პარტიიდან, რომელიც ასევე ესწრებოდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, აღნიშნა, რომ ხელისუფლებას სურს თავიდან განიხილოს ყველა საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს კონკრეტულ ქმედებებს შეთანხმებულ საკითხებზე.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიესალმა მოლაპარაკებების მეორე რაუნდს და მას ”კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 1 თებერვალს გაიმართა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების დაწყებას წინ უძღოდა 12 ოპოზიციური პარტიის მიერ ერთობლივი მემორანდუმის გამოქვეყნება. მემორანდუმი ოპოზიციის 17 მოთხოვნას შეიცავს ხელისუფლებისადმი, რომელთა განხორციელებაც, მათი თქმით, უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გაზაფხულზე. ოპოზიციამ უკვე გააფრთხილა ხელისუფლება, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში 15 თებერვლიდან პერმანენტულ საპროტესტო აქციებს დაიწყებს. 
 

Civil.Ge © 2001-2024