ბრაიზამ და ზურაბიშვილმა აშშ-ს კონგრესის კომისიაზე წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრეს
/ 9 Feb.'08 / 17:12
სივილ ჯორჯია

ოპოზიციის მიერ დაყენებულ ზოგიერთი მოთხოვნა ”საკმაოდ აზრიანია” და მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ სერიოზულად მიიღოს ეს მოთხოვნები, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ.

მან ეს განცხადება 6 თებერვალს კონგრესის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის სხდომაზე გააკეთა. კომისიის სხდომაზე, სადაც განხილვის თემა იყო “საქართველო – 2008: არჩევნები თუ ქუჩის პოლიტიკა?!”, ასევე გამოვიდნენ საქართველოს ელჩი ამერიკაში ვასილ სიხარულიძე და საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი.

განხილვა ორი დღით უსწრებდა 8 თებერვალს ოპოზიციური კოალიციის მიერ გახმოვანებულ გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ. ოპოზიციამ თავისი გადაწყვეტილების მოტივად დაასახელა ის, რომ მმართველი პარტია არ არის მზად გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ოპოზიციის 17-პუნქტიან მემორანდუმში ასახული მოთხოვნების შესასრულებლად.

თავის გამოსვლაში მეთიუ ბრაიზამ იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც, მისი აზრით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოაგვაროს, რათა უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე.

”ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მოტივირებულია და მათი გადაწყვეტა საჭიროა,” - განაცხადა მან, ”ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს პოლიტიკური ბალანსის დამყარებას საარჩევნო კომისიებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ყველა საარჩევნო კომისიაში ქვეყნის მასშტაბით, რათა ოპოზიციას უფრო მეტი ხმა ჰქონდეს”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა რეაგირებდეს სერიოზულ საჩივრებზე. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ როდესაც არსებობს მნიშვნელოვანი პრეტენზიები, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა იპოვოს გზა, რათა დააკმაყოფილოს ის ხალხი, ვინც ეს საჩივრები წარადგინა,” - განაცხადა ბრაიზამ. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განაცხადეს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებმა პროცედურული დარღვევების მოტივით მათი საჩივრების უმეტესობის განხილვას თავი აარიდა. 
   
თავის გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას სურს პარიტეტი  საარჩევნო კომისიებში - ექვსი ექვსზე - და თავმჯდომარე, რომელიც კომისიის მეცამეტე წევრია, ”აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მისაღები ორივე მხარისთვის”.

”თუ ჩვენ ვერ შევთანხმდებით, ეს შეიძლება იყოს ვინმე უცხო, მეგობარი ქვეყნიდან, რომელიც ისურვებდა ყოფილიყო ასეთი დამოუკიდსებელი ფიგურა. მაგრამ, სავსებით ნათელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი საქართველოს მოსახლეობა ენდობა,” - განაცხადა მან.

მეთიუ ბრაიზამ ოპოზიციის მოთხოვნას, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰყავდეს პარიტეტული სამეთველყურეო საბჭო ”გონივრული” უწოდა. იმ მოთხოვნებში, რომლებიც ”საკმაოდ აზრიანია”, ბრაიზამ ასევე დაასახელა მაჟორიტარული არჩევნების წესის შეცვლა და საარჩევნო ბარიერის 7%-დან 5%-მდე დაწევა - თუმცა, ეს უკანასკნელი არ შედის ოპოზიციის მემორანდუმის მოთხოვნებში.

ამერიკელი დიპლომატის ამ კომენტარის საპასუხოდ სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ მოთხოვნები მაჟორიტარული არჩევნების წესის შეცვლისა და საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე არ წარმოადგენს ”ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებს”.

”დათმობები უნდა იყოს ნამდვილი დათმობები და არა 5%-იანი ბარიერი, რაც უკვე დიდი ხანია აღარ არის ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა, მითუმეტეს თუ ოპოზიცია ბლოკად გამოვა [არჩევნებზე] და არც მაჟორიტარული არჩევნების წესის შეცვლა, რომელიც ოპოზიციის მოთხოვნაა, თუმცა არა მთავარი, რადგანაც დღეს ეს სისტემა თავად ძველ უმრავლესობას [მმართველ პარტიას] არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს,” - განაცხადა ზურაბიშვილმა. ”რაც ჩვენ გვჭრიდება ეს არის სერიოზული დათმობები სამ მთავარ საკითხზე - საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და [ოპონენტების] პოლიტიკური დევნის შეწყვეტა”.

გამოეხმაურა რა პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ამერიკელმა დიპლომატმა ასევე განაცხადა , რომ ოპოზიციის ზოგიერთ მოთხოვნას ”ჩვენც არ ვეთანხმებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი წარსულზე ფოკუსირდება”. ის გულისხმობდა მოთხოვნას საპრეზიდენტო არჩევნების ხმების ხელახლა დათვლის თაობაზე, რასაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების დასადასტურებლად ითხოვს. 

”ჩვენ ვაღიარებთ პრეზიდენტ სააკაშვილის არჩევის ლეგიტიმურობას. არჩევნები დამთავრდა. მან გაიმარჯვა. და მისი ინაუგურაციაც შედგა,” - განაცხადა ბრაიზამ. ”ახლა წინსვლის და საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების დროა”.

თუმცა, მან ასევე განაცხადა: ”სიტუაცია საქართველოში სრულყოფილი არ არის - ამისგან საკმაოდ შორსაა. და ეს [საპრეზიდენტო] არჩევნები არ იყო მოდელი ან მაგალითი, რომ სხვამაც მიბაძოს”.

ამერიკელმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, თუ  მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს. ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის ახალმა მემარჯვენეებმა, მიანიშნეს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ მონაწილეობას, თუ უზრუნველყოფილი იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

”ჩვენ ველით, ვიმედოვნებთ, რომ ოპოზიცია ხმების მნიშვნელოვან რაოდენობას დააგროვებს ან იმას მაინც მოახერხებს, რომ დაარწმუნოს საქართველოს საზოგადოება ხმა მისცეს მას,” - განაცხადა ბრაიზამ, ”ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურ ძალთა ახალ გადანაწილებას მიაღწიოს პარლამენტში. ამის რეალიზება მაშინ მოხდება, თუ განხილვის პროცესში მყოფი საარჩევნო რეფორმები განხორციელდება და თუ არჩევნები ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი და იმის მანიშნებელი იქნება, რომ დემოკრატიული რეფორმების ტემპი გაუმჯობესდა ან აღდგა”.    

სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ სხვა საკითხებს შორის ოპოზიციის მთავარი გამოწვევაა აღადგინოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. მისი თქმით, მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რათა შეიქმნას პირობები, სადაც ამომრჩეველი დარწმუნებული იქნება, რომ მისი ხმა არ გაყალბდება.  

”სასწორზე საქართველოს სტაბილურობა და საქართველოს დემოკრატიაა,” - განაცხადა მან, ”ეს სამი თვე გადამწყვეტი იქნება. ოპოზიციას მოუწევს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტის გამოყენება, თუმცა ასეთი მას ბევრი არ აქვს. ოპოზიციას ძირითადად გააჩნია თავისი ხმა დიალოგის პროცესში, თუ ეს შეიძლება იქნას მიჩნეული ეფექტურ მექანიზმად. და არის კიდევ ქუჩა. და ის გამოიყენებს ამ ქუჩებს, თუ საჭირო გახდა, მშვიდობიანი გზით, სამართლებრივი გზით, როგორც ამას აქამდე აკეთებდა, რადგანაც ჩვენ მხოლოდ ესღა დაგვრჩა”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ ხელისუფლებათან მოლაპარაკებებმა აქამდე რეალური შედეგები ვერ გამოიღო ”არ ნიშნავს, რომ ჩვენ დიალოგს ვწყვეტთ. ჩვენ ვაგრძელებთ... და ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ ყველა ამ დიალოგში, სანამ გვექნება შედეგების იმედი”. 

8 თებერვალს ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ხელისუფლება შეგნებულად აჭიანურებს დიალოგის პროცესს და აღნიშნა, რომ წყვეტს მასთან მოლაპარაკებებს. კოალიციის განმარტებით, მას სურს, რომ მხარდამჭერებს მოლაპარაკებების თვალსაჩინო შედეგი დაანახოს. კერძოდ ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის გადაყენება თანამდებობიდან, ასევე იმ 43 პატიმრის გათავისუფლება, რომლებიც 7 ნოემბრის არეულობის დროს დააპატიმრეს.

საქართველოს დასავლელ პარტნიორებზე მინიშნებით, ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა ”ჩვენი მეგობრების ისეთი ახალი პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც არ იქნება პერსონალურ ურთიერთობებზე დამყარებული... არამედ მიმართული იქნება საქართველოს მოსახლეობაზე”.

Civil.Ge © 2001-2024