”თავისუფლების ინსტიტუტი” საზოგადოებრივი მაუწყებლის გამო ხელისუფლებას უტევს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Feb.'08 / 13:21

”თავისუფლების ინსტიტუტმა”, გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ოპოზიცია და ხელისუფლება, მათ შორის პარლამენტი და პერსონალურად მისი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ”უხეშ დარღვევაში” დაადანაშაულა.

ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები უიშვიათესი შემთხვევაა ”თავისუფლების ინსტიტუტის” მხრიდან, რომელსაც საკმაოდ ახლო ურთიერთობა áƒáƒ¥áƒ•áƒ¡ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

”იძულებული ვართ ხელისუფლებას და ოპოზიციას შევახსენოთ კანონი ”მაუწყებლობის შესახებ,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი” 9 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ”შევახსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის სახელმწიფოსა და ხელისუფლების დაქვემდებარებული ტელევიზია”.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების წყაროა. ოპოზიცია მოითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თამარ კინწურაშვილის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას და ახალი სამეურვეო საბჭოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტებას.

თავად თამარ კინწურაშვილი ”თავისუფლების ინსტიტუტის” წიაღიდან არის წამოსული, სადაც ის 2005 წლამდე, სანამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ სამეურვეო საბჭოს წევრად და შემდეგ ხელმძღვანელად áƒ“აინიშნებოდა 6 წლის ვადით, მედია-პროგრამებს უწევდა კოორდინირებას.

”დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარიგების საგანს წარმოადგენდეს,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, áƒ áƒáƒ› საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში დარჩენილ წევრებს ხელისუფლებამ საბჭოს დატოვება სთხოვა თუ მოსთხოვა - ეს განცხადება თავად ქალბატონმა პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა... გაკვირვებას იწვევს განცხადებები,  რომ  უკვე მიღწეულია  შეთანხმება ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით”.

განცხადებაში კანონზე დაყრდნობით ასევე ნათქვამია, რომ გენერალური დირექტორის გადაყენება შეუძლია მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრთა 2/3-დს. საბჭოს 9 წევრიდან დარჩენილმა სამმა წევრმა გასულ თვეში დატოვა თანამდებობები. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

”მოვუწოდებთ ჩვენს მიერ არჩეულ პარლამენტარებს, თავი შეიკავონ მაუწყებლის საქმიანობაში ჩარევისგან,”- აცხადებს ”თავისუფლების ინსტიტუტი”.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ გაზეთ ”რეზონანსს” განუცხადა, რომ თავად ”თავისუფლების ინსტიტუტი” ცდილობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეგავლენის მოხდენას თამარ კინწურაშვილის მეშვეობით. ”კარგი იქნებოდა ასეთი განცხადებების გაკეთებისგან ”თავისუფლების ინსტიტუტს” თავი შეეკავებინა,”- განაცხადა მან.

ლევან ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან კი ”რეზონანსთან” საუბარში აღნიშნა, რომ ”თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადება უფრო იმაზე მიანიშნებს, რომ ეს  ჯგუფი კვლავაც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის შენარჩუნებას. ”ისინი ტელევიზიის საქმეებში თავად ერეოდნენ და დღეს ამ ბერკეტის ხელიდან გაშვება არ სურთ,”- განაცხადა ბერძენიშვილმა, ”ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კარგად ვნახეთ, თუ როგორ ერეოდა ბოკერია-რამიშვილი სამეურვეო საბჭოს საქმიანობაში”.
 

Civil.Ge © 2001-2024