მმართველი პარტია თავის პოზიციას ერთობლივ მემორანდუმში ასახავს
/ 12 Feb.'08 / 15:05
სივილ ჯორჯია

ამ დღეებში ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებთან და მათი შესრულების ვადებთან დაკავშირებით თავის პოზიციას წერილობითი ფორმით წარადგენს.

”ჩვენ წერილობით შევიმუშავებთ მემორანდუმის ტექსტს, რომელიც როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისთვის იქნება სამოქმედო ვარიანტი, თუ რაზე ვართ შეთანხმებული,”- განუცხადა 12 თებერვალს დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ”ამ მემორანდუმში იქნება ჩამოყალიბებული კონკრეტული შეთანხმებების არსი და მისი შესრულების ვადები”.

მისი თქმით, ეს შეთანხმება 11 თებერვალს გვიან ღამით ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად იქნა მიღწეული.

”გვიან ღამით შევძელით აგვეცილებინა თავიდან მოლაპარაკებათა პროცესის ჩიხში შეყვანა,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ერთობლივ მემორანდუმს სამუშაო ჯგუფები შეიმუშავებენ და ”მაქსიმუმ ზეგ”, 14 თებერვალს  საზოგადოება შეიტყობს მისი შინაარსის შესახებ. ბურჯანაძის განცხადებით, შეთანხმება მოსალოდნელია მოთხოვნათა უმეტესობაზე, რომელიც თორმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ 29 იანვარს გამოაქვეყნა 17-პუნქტიანი მემორანდუმის სახით.

”შეთანხმება ასეთია, რომ ხელისუფლება წერილობით წარმოადგენს კონკრეტულ საკითხებზე საკუთარ პოზიციას, კონკრეტული ვადების მითითებით, ამას განვიხილავთ, ვიმსჯელებთ და ამის შემდგომ გადაწყდება უკვე შემდგომი მოლაპარაკებების ბედი,”- განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

იმავდროულად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 17-დან 13 საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

მემორანდუმის პირველი მოთხოვნა ეხება 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სადავო ოლქებში áƒáƒ›áƒáƒ›áƒ áƒ©áƒ”ველთა ხმების გადათვლას, მათ შორის საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ვიდეო-თვალის მონაცემების გამოყენებით.

მმართველი პარტია უარს აცხადებს ხმების გადათვლაზე. თუმცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელიც მოლაპარაკებებზე მმართველი პარტიის მხრიდან არის წარმოდგენილი, აცხადებს, რომ ვიდეო ჩანაწერები უკვე საჯაროა. ”მათ [ოპოზიციას] შეუძლიათ გაეცნონ მათ, შესაბამისი დასკვნებიც გააკეთონ და თუ რაიმე დარღვევებს აღმოაჩენენ, მათი გამოძიება მოხდეს,”- განუცხადა მან გაზეთ ”რეზონანსს”. ბეჟაშვილის თქმით, 4 პირის მიმართ უკვე მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი გამოძიება არჩევნებზე დარღვევებთან დაკავშირებით.  კენჭისყრის დროს აღმოჩენილი დარღვევების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა ოპოზიციის მემორანდუმის მეორე მოთხოვნაა.

ბეჟაშვილის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია მესამე მოთხოვნასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, წარმოდგენილი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლად არჩეული პარლამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას ეხება. თუმცა ოპოზიციის მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცოს.

ოპოზიცია ასევე მოითხოვს გამოძიებულ იქნეს 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევა,  პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის და ზეწოლის ფაქტები. მმართველი პარტია მზადაა, რომ ახალ პარლამენტში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც 7 ნოემბერს ძალის გადამეტების ფაქტებთან ერთად ასევე შეისწავლის ”მასობრივი არეულობის ორგანიზებისა და კონსტიტუციური ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის” საკითხებს. ”ნოემბრის მოვლენების გამოძიება კომპლექსურად უნდა მოხდეს,”- აცხადებს ბეჟაშვილი, ”საგამოძიებო კომისია კი ორივე მხრიდან [ხელისუფლება და ოპოზიცია] უნდა დაკომპლექტდეს”.

ოპოზიციის სურვილია კონტროლი დაწესდეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე, რასაც მმართველი პარტია ასევე მისაღებად მიიჩნევს, თუმცა არა იმ ვადებში, რომელსაც ოპოზიცია ითხოვს. ოპოზიცია  სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის სისტემის შექმნას მოითხოვს, კერძოდ,  პარიტეტულ საწყისებზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის და მონიტორინგის რეგიონული საბჭოების სახით, რომლებიც გამოიძიებენ ძალოვანი სტრუქტურების უკანონო ქმედებებს. მათი მოთხოვნაა ასევე მოხდეს შინაგან საქმეთა სამინიტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) რეორგანიზაცია, რომლებიც ოპოზიციის განცხადებით, ხშირად გამოიყენება ”პოლიტიკური რეპრესიების” áƒ“ა ოპონენტების დევნის იარაღად.

”მიღწეულია შეთანხმება, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც სამართალდამცავ სისტემაზე მონიტორინგის განხორციელების წესს შეიმუშავებს,”- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი, ”შესაბამისად მას შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების რეორგანიზაციაც მოხდება. ამ საკითხზე კანონში შესატან ცვლილებაზე მომავალმა პარლამენტმა უნდა იმუშავოს”.

თუმცა ოპოზიციას ამ ცვლილებების განხორციელება გაზაფხულის საპარლამენტო არჩევნებამდე სურს, რათა გაკონტროლდეს შსს-ს მოქმედებები საარჩევნო პერიოდში. საპრეზიდენტო არჩევნების დროს არა ერთი ბრალდება გაისმა იმის შესახებ, რომ სამართალდამცავები ოპოზიციაზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

როგორც ჩანს, შეთანხმება მიღწეულია მოქმედი მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის - მოგებულს ყველაფერი რჩება - რეფორმირებაზე იმგვარად, რომ მანდატები განაწილდეს მიღებული ხმების პროპორციულად, რაც ოპოზიციის მემორანდუმის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ასევე არაა წინააღმდეგი გაიზარდოს ოპოზიციის წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაში. ”მათ საოლქო საარჩევნო კომისიებშიც მივცეთ წარმომადგენლობის ყოლის უფლება, რაც დღემდე არ არსებობდა,”- აცხადებს ბეჟაშვილი.

თუმცა მმართველი პარტიის პოზიცია უცვლელი რჩება ოპოზიციის რიგ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით. ხელისუფლება უარს ამბობს თანამდებობიდან გაათავისუფლოს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილი და ახლად დანიშნული გენერალური პროკურორი ეკა ტყეშელაშვილი. ჯერ-ჯერობით არც იმის ნიშნები ჩანს, რომ ხელისუფლება დააკმაყოფილებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენების მოთხოვნას. ”პოლიტიკური მოსაზრებების გამო დაკავებული პირების” გათავისუფლების მოთხოვნაც კვლავ დავის საგნად რჩება.

რაც შეეხება ოპოზიციის დაჟინებულ მოთხოვნას თანამდებობა დატოვოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს მათ ძალებს აღემატება. მათი განცხადებით, მხოლოდ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს აქვს იურიდიული უფლება დააკმაყოფილოს დირექტორის განცხადება გადადგომის თაობაზე. თუმცა ტელევიზიას ამჟამად სამეურვეო საბჭო არ ჰყავს და ახალი შემადგენლობა, პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადების თანახმად, მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის დაკომპლექტდება.

Civil.Ge © 2001-2024