დავით ბერძენიშვილი ხელისუფლებაში არსებულ დაჯგუფებებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Feb.'08 / 17:32

რესპუბლიკელი დეპუტატის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს ხელს უშლის ე.წ. ”თავისუფლების ინსტიტუტის” ჯგუფი ხელისუფლებაში.

”მე ვფიქრობ, რომ ნინო ბურჯანაძის ფრთას ხელისუფლებაში ხელს უშლიან სხვები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი ამყოფონ თავის მძველის მდგომარეობაში,”-განუცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს, ”არ არის შემთხვევითი ”თავისუფლების ინსტიტუტის” მიმართვა ვითომ ხელისუფლებასთან და ოპოზიციასთან, მაგრამ სინამდვილეში  ხელისუფლებას მისმა ნაწილმა მიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელს თავი დაანებეთო”.

ბერძენიშვილს მხედველობაში  ჰქონდა ”თავისუფლების ინსტიტუტის” განცხადება, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობების მქონე ამ გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოპოზიცია და ხელისუფლება, მათ შორის პერსონალურად მისი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონის ”უხეშ დარღვევაში” დაადანაშაულა იმ განცხადებების გამო, რომელიც ტელევიზიის დირექტორის, ”თავისუფლების ინსტიტუტის” ყოფილი კადრის თამარ კუნწურაშვილის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება.

Civil.Ge © 2001-2024