სახალხო დამცველი ”იმედის” ლიცენზიის შეჩერებაზე საქმის წარმოების შეწყვეტას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Feb.'08 / 18:18

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი თხოვნით მიმართავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეწყვიტოს ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის შეჩერების თაობაზე საქმის განხილვა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გასულ თვეს განაცხადა, რომ 15 თებერვალს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს განიხილოს ტელეკომპანია ”იმედის” სამაუწყებლო ლიცენზიის შესაძლო შეწყვეტის საკითხი. ტელეკომპანიის მფლობელი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილია, რაც  კომისიის განცხადებით, მაუწყებლის შესახებ კანონის მიხედვით დარღვევაა, რადგან პოლიტიკური პარტია ან მისი წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს სამაუწყებლო ლიცენზიის მესაკუთრე.

”გადაწყვეტილება ბუნდოვანია,”- აცხადებს სახალხო დამცველი, ”ვინაიდან არ არის მინიშნებული, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი, ან რა პარტიული თანამდებობა უკავია მას”.

პატრაკაციშვილი არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, თუმცა ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი 5 იანვრის არჩევნებზე.

მეორეს მხრივ, აცხადებს სუბარი, ტელეკომპანია ”იმედის” ლიცენზიის მფლობელი არის შპს ”ტელეიმედი”, რომელიც არ ატარებს პოლიტიკური პარტიის სტატუსს.

კიდევ ერთ არგუმენტად  კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წინააღმდეგ სახალხო დამცველი ასახელებს ”მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც კომისია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების საკითხს მაშინ განიხილავს, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ან სალიცენზიო პირობებს და მის მიმართ ამ დარღვევისათვის სანქციის სახით უკვე გამოყენებულია წერილობითი გაფრთხილება და ჯარიმა. როგორც ცნობილია, â€áƒ¢áƒ”ლეიმედს“ არასოდეს ჰქონია დაკისრებული გაფრთხილება და ჯარიმა პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირის მიერ მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობისათვის, აცხადებს სახალხო დამცველი.

8 თებერვალს გამოქვეყნებულ ცალკე განცხადებაში სოზარ სუბარმა მიმართა გენერალურ პროკურორს ეკა ტყეშელაშვილს შეისწავლოს ტელეკომპანია ”იმედის“ მიმართ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მხრიდან გამოჩენილი კანონდარღვევა. საუბარია ტელეკომპანიის 2 500 ლარით დაჯარიმებაზე იმის გამო, რომ გასული წლის ნოემბერში ”იმედის” ეთერში პატარკაციშვილის განცხადება გადაიცა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, არეულობის გამომწვევი იყო.

სახალხო დამცველის განცხადებით, პატარკაციშვილის მიმართვა ტელეკომპანია ”იმედის“ ეთერში პირველად გადაიცა 2007 წლის 7 ნოემბერს, 18 საათსა და 28 წუთზე; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შემოწმების აქტი შედგა 17 საათსა 40 წუთზე, ხოლო საგანგებო სხდომა ჩატარდა 18 საათზე.

”როგორც ჩანს კომისიამ 40 წუთით ადრე განსაზღვრა ”ტელეიმედის“ ეთერში არკადი პატარკაციშვილის განცხადების გადაცემის ფაქტი და შპს ”ტელეიმედს“ გაფრთხილება და ჯარიმა ისეთი ქმედებისათვის დააკისრა, რომელსაც მხოლოდ 28 წუთის შემდეგ უნდა ჰქონდა ადგილი,”- აცხადებს სოზარ სუბარი, ”საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს: სამსახურებრივი სიყალბე, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, ანდა ყალბი დოკუმენტის შედგენა ან გაცემა, აგრეთვე საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის საქმეში არსებული ოფიციალური ან კერძო დოკუმენტის გაყალბება, ჩადენილი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით”.


 

Civil.Ge © 2001-2024