გადადგომის შესახებ განცხადებით მივმართავ ახალ სამეურვეო საბჭოს - კინწურაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'08 / 12:53

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ განცხადებას მხოლოდ მას შემდეგ დაწერს, რაც ტელევიზიის ახალი სამეურვეო საბჭო დაკომპლექტდება, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს. 

“როგორ კი პარლამენტი აირჩევს ახალ სამეურვეო საბჭოს, მე ვაპირებ მივმართო მათ განცხადებით გადადგომის შესახებ,“ - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე კინწურაშვილმა, „იმედი მაქვს ამ ჩემს განცხადებას ორივე მხარე [ხელისუფლება და ოპოზიცია] აღიქვამს ადეკვატურად“.

„მე ვადევნებ თვალს მოვლენებს და ნამდვილად არ მინდა საბაბი ვიყო ამ დაძაბულობის კიდევ უფრო დაძაბვის,“- აღნიშნა კინწურაშვილმა.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოთხოვნად თამარ კინწურაშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას აყენებს „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ცესკოს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის გადაყენებასთან ერთად.
 
კინწურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის „ალბათ“ არ შეიტანს განაცხადს გენერალური დირექტორის პოსტის ხელახლა დასაკავებლად, თუმცა დასძინა, რომ ეს „პირადი საქმეა“. 

Civil.Ge © 2001-2024