მმართველი პარტიის საპასუხო მემორანდუმი
/ 14 Feb.'08 / 18:23

ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის, მათ შორის ნდობის აღდგენის და პოლიტიკური პროცესების ცივილიზებულ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ შეთავაზებული წინადადებების პროექტი

 

აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს კომპრომისს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დასმულ ყველა საკვანძო საკითხთან დაკავშირებით. ამ წინადადებების სრულფასოვანი განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პოლიტიკურ ძალთა შორის საერთო შეთანხმების მიღწევის და მისი საჯაროდ გაცხადების შემთხვევაში:

ბლოკი 1.

  1. ვიდეო-თვალის ჩანაწერები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის. ცესკომ წერილობით დაადასტურა, რომ უზრუნველყოფს ამ ჩანაწერების ადგილზე გაცნობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი მიმართვის შემთხვევაში.
  2. დარღვევები, რომელიც გამოვლენილია ან გამოვლინდება ვიდეო-თვალის ჩანაწერების გაცნობის შემდეგ, აგრეთვე ის დარღვევები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი დოკუმენტური მტკიცებულებები გამოძიებული იქნება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში.
  3. მომზადებულია პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში დამატების შეტანის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება, რომ ახლადარჩეულ პარლამენტს, ნდობის მოსაპოვებლად, წარედგინება მთავრობის შემადგენლობა კონსტიტუციით დადგენილი წესით. პროექტი გამოქვეყნდება საჯარო განხილვისათვის და პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ეს ცვლილება მიღებული იქნება არაუგვიანეს აპრილის თვის დასაწყისისა.

 

ბლოკი 2.

  1. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები გათავისუფლებული იქნებიან ერთი კვირის განმავლობაში.
  2. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ორივე სიაში მოხსენიებულ პირთა უმრავლესობა არ უკავშირდება 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს ან საერთოდ არ არის დაკავებული.
  3. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ახლადარჩეულ პარლამენტის მიერ შეიქმნება კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის მასობრივი არეულობისა და კონსტიტუციური წყობილების დამხობის, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტებს და მისცემს მათ პოლიტიკურ შეფასებას. კომისიის დასკვნას არ მოჰყვება რომელიმე პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
  4. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოვლენილი ფაქტები არ გახდება დაპირისპირების, პოლიტიკური ანგარიშსწორების და სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი.
  5. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, ერთი თვის ვადაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ როგორც ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისია განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, შეიმუშავებს წინადადებებს შსს შემგომ რეფორმირებასთან დაკავშირებით, აგრეთვე წინადადებებს სამართალდამცავ ორგანოების მონიტორინგის საბჭოს (ე.წ. "რეიგანის კომისიის” მოდელი) შექმნასთან დაკავშირებით.
  6. პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალე და სამართლიანი გარემოს შექმნის მიზნით, არაუგვიანეს 15 მარტისა, შეიქმნება პოლიტიკური ძალების საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრებიც. საკოორდინაციო საბჭო განახორციელებს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობაზე. 

ბლოკი 3.

  1. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო სრულად კომპლექტდება ახლიდან. გამოცხადებულია კონკურსი ყველა ვაკანტურ ადგილზე. თებერვლის ბოლომდე საბჭო დაკომპლექტდება ახალი შემადგენლობით, ამასთან, პოლიტიკური დიალოგის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საბჭოს წევრების და თავმჯდომარის შერჩევა მოხდება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის საფუძველზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა დანიშნავს ახალ გენერალურ დირექტორს.
  2. ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე მონიტორინგი განხორციელდება მაუწყებლებისა და საზოგადოების მიერ შემუშავებული თვითრეგულირების მექანიზმების მეშვეობით. ერთი თვის განმავლობაში შემუშავდება წინადადებები შესაბამისი ფუნქციის მქონე ჯგუფის შექმნის წესისა და საქმიანობის თაობაზე.
  3. გარანტირებულია სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენელთა თავისუფალი დასწრება ვიდეო კამერის გარეშე. უზრუნველყოფილი იქნება სასამართლო სხდომების აუდიო ჩანაწერების ხელმისაწვდომობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შესაბამისი სუბიექტის მოთხოვნისთანავე.

ბლოკი 4.

  1. პარლამენტის არჩევნები გაიმართება არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 24 მაისისა. ეს საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ სუბიექტს სწორად დაგეგმოს საარჩევნო პროცესი და გათვალოს რესურსები.
  2. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე.
  3. კონსენსუსის შემთხვევაში მარტის ბოლომდე კონსტიტუციაში შეტანილი იქნება ცვლილება, რომლის თანახმადაც პროპორციული საარჩევნო სისტემის საარჩევნო ბარიერი დაიწევს შვიდიდან ხუთ პროცენტამდე.
  4. შემუშავებული იქნება მექანიზმი ვიდეო-თვალის მონაცემთა ავტომატურ რეჟიმში ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რათა ერთის მხრივ მოხდეს დარღვევებზე დროული რეაგირება და ამავდროულად, გამოირიცხოს ამ საბაბით არჩევნების შედეგების შეჯამების ხელოვნური გაჭიანურება.
  5. ცესკო 25 მარტამდე წარმოადგენს წინადადებებს დარჩენილი უბნების ვიდეო თვალით აღჭურვის ტექნიკური შესაძლებლობის შესახებ.
  6. პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო პერიოდში დაკომპლექტდება იმავე პრინციპით, როგორც ცესკო. შესაბამისად, საოლქო კომისიაში (სულ 13 წევრი) არჩევნების პერიოდში იქნება 6 წევრი ოპოზიციური პარტიებიდან.
  7. დაზუსტდება საარჩევნო კოდექსის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პოლიტიკური თანამდებობის პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისას საბიუჯეტო სახსრების და თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენების შეზღუდვას. (მარტის ბოლომდე)
  8. კონსენსუსის შემთხვევაში, საარჩევნო დავების განხილვის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, შეიქმნება საარჩევნო დავების განხილვის სპეციალური საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება პოლიტიკურ ძალებს შორის კონსულტაციების გზით. საბჭო დაკომპლექტდება 4 ან 6 წევრისაგან, დამატებითი წევრი კონსენსუსის შემთხვევაში შერჩეული იქნება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით. (მარტის ბოლომდე)
  9. პოლიტიკური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით შემუშავდება საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, რომელიც ძირითადად ასახავს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში გათვალისწინებულ შენიშვნებს. (მარტის ბოლომდე)
  10. პოლიტიკურ ძალებს შორის სრული კონსენსუსის და კონკრეტულ კანდიდატურებზე შეთანმხების მიღწევის შემთხვევაში, მარტის შუა რიცხვებამდე გადაიხედება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.


 

Civil.Ge © 2001-2024