ოპოზიცია ხელისუფლების პასუხმა გააღიზიანა და საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 Feb.'08 / 21:10

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ”სამარცხვინოა” ხელისუფლების პასუხი მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რადგან მათი შეფასებით, ყველა მოთხოვნა იგნორირებულია. ოპოზიციური პარტიები 15 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

”ეს არის უსინდისო და სამარცხვინო პასუხი მთელი იმ სამკვირიანი ისტერიის შემდეგ, როცა აცხადებდა ხელისუფლება, რომ 17 დან 15 პუნქტს აკმაყოფილებდა,”- განუცხადა თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან Civil.ge-ს, ”როცა ყველაფერ ამის შემდეგ უფლებას აძლევს ხელისუფლება თავის თავს და არცერთ საკითხს არ აკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, რა დიალოგის გაგრძელებაზე უნდა იყოს საუბარი”. 

მისი თქმით, ხვალ დღის 2 საათზე გაიმართება აქცია, სადაც ”საკადრის პასუხს მიიღებენ ხალხისგან”.

”ეს უბრალოდ არის ჩვენი გამოცდა. ჩვენ გამოცდას გვიწყობენ ხვალ მოვა ხალხი თუ არ მოვა,”- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატიული პარტიიდან, ”გარწმუნებთ, რომ ხალხიც მოვა, რადიკალური აქციაც იქნება და ისევ ის იქნება, რაც მათ არ უნდათ. ჩვენ გვაქვს ჩვენ ხალხთან პასუხისმგებლობა და ჩვენ ხალხთან ერთად დავიწყებთ გარკვევას, თუ რა მოვუხერხოთ ამ მატყუარა და ცრუპენტელა ხელისუფლებას”.

დავით გამყრელიძემ, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა განაცხადა, რომ ის შეუერთდება ოპოზიციური კოალიციის საპროტესტო აქციას.

”ვმონაწილეობდით ყველა კონსულტაციაში ამ დიალოგის ფორმატში, მაგრამ საპასუხოდ მივიღეთ ბევრად უფრო უარესი შედეგი, ვიდრე ეს თითქოს მოლაპარაკებების დროს ჩანდა,”- განუცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”პრაქტიკულად არცერთ საკითხზე ჩვენ არ გვაქვს რეალური შედეგი, არ ჩანს კონკრეტული მზაობა ხელისუფლებისა, რომ გადაწყდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც იქ [ოპოზიციის მემორანდუმში] იყო ჩამოთვლილი და პრაქტიკულად არის იგნორირებული. არის მცდელობა, რომ ისევ  ნულოვანი მდგომარეობიდან გაგრძელდეს ყველაფერი”.

”მიუხედავად იმისა რომ საზოგადოების გაღიზიანებას იწვევდა ეს ყველაფერი, საბჭოს წევრები დაახლოებით 12-ჯერ შეხვდნენ იქითა ჯგუფს [მმართველ პარტიას], რომ რაღაცნაირად კაბინეტურ რეჟიმში გადაწყვეტილიყო ეს პრობლემები. არ მოხდა ეს და არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა ხელისუფლებამ,”- განაცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ, მოძრაობა ერთიანი საქართველოდან.  

მმართველი პარტიის დეპუტატებმა áƒ’ანაცხადეს, რომ მათი წინადადებები კომპრომისულია და ოპოზიციის რეაქცია პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანის მცდელობაა.

”იმის ნაცვლად, რომ ეს შეთანხმებები განმტკიცებულიყო ხელმოწერით და დაწყებულიყო მისი განხორციელება, ვღებულობთ ასეთ განცხადებებს,”- განაცხადა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, მმართველი პარტიიდან, ”ოპოზიციის გარკვეული ნაწილი კვლავაც ცდილობს, რომ პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი პარლამენტიდან გადაიტანოს ქუჩაში და მოახდინოს ვითარების დესტაბილიზაცია. ვფიქრობ, რომ ასეთი ინიციატივა განწირული იქნება”.

Civil.Ge © 2001-2024