ლავროვი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Feb.'08 / 15:38

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან შეხვედრაზე კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილა, ”მათ შორის კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების კონტექსტში”.

”კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება და მისი აღიარება, უდაოდ, გასათვალისწინებელი იქნება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”ამასთან, რუსეთი ადასტურებს თავის უცვლელ მისწრაფებას ხელი შეუწყოს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას არსებული ფორმატების ფარგლებში და ყოველმხრივ წინ აღუდგეს ამ პრობლემების ძალისმიერი მეთოდებით მოგვარების მცდელობებს”.

”გამოითქვა შეშფოთება იმ დესტრუქციული შედეგების გამო, რომელიც შესაძლოა კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვეს. ასეთი ნაბიჯი გულისხმობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრონციპების გადახედვას, რომელმაც შეიძლება მოშალოს საერთაშორისო ურთიერთობების დადგენილი წესები და ეთიკა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 18-19 თებერვალს ჟენევაში დაგეგმილი ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების საკითხი, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის შუამავლობით ტარდება. შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი შამბა.

სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მიესალმება ედუარდ კოკოითის ”სამშვიდობო ინიციატივებს”, რომელიც მან 23 იანვარს მოსკოვში áƒ’აახმოვანა.

ამავე ცნობით, სერგეი ლავროვმა მოიწონა ცხინვალის მიერ თვითგამოცხადებულ რეგიონში ”კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცებისაკენ” გადადგმული ნაბიჯები. ცოტა ხნის წინ რამდენიმე მაღალჩინოსანს ცხინვალის ხელისუფლებამ კორუფციაში წაუყენა ბრალი.

”ლავროვმა აღნიშნა, რომ ეს ზომები დროულია და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ამ მცდელობებში დახმარება აღუთქვა,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

Civil.Ge © 2001-2024