ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატად დასახელდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'08 / 17:09

პოლიტიკური მიმოხილველი და ჟურნალისტი ია ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატად დასახელდა.

ია ანთაძემ, რომელიც რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსათვის ყოველკვირეულ პოლიტიკურ მიმოხილვას უძღვება, განაცხადა, რომ ის დათანხმდება ტელევიზიის დირექტორობა იმ შემთხვევაში, თუ მისი კანდიდატურის ირგვლივ ფართო კონსენსუსი იარსებებს.

”დანამდვილებით არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ორივე მხარისათვის [ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის] მისაღები კანდიდატი ვიქნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას,”- განუცხადა ანთაძემ გაზეთ ”რეზონანსს”.

მისი თქმით, ამჟამად არ აწარმოებს კონსულტაციებს არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან. ანთაძე ასევე აცხადებს, რომ ”სიამოვნებით” დაუჭერდა მხარს ამ თანამდებობაზე გაზეთ ”რეზონანსის” მთავარ რედაქტორს ლაშა ტუღუშს და ჟურნალისტსა და პოლიტიკურ მიმოხილველს ზვიად ქორიძეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ტელევიზიის 9-წევრიანმა სამეურვეო საბჭოს უნდა დანიშნოს. თავად საბჭო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით უნდა დაკომპლექტდეს, როგორც ეს გაცხადებულია ორივე მხარის მიერ. პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ეს პროცესი თებერვლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამ დრომდე მხოლოდ ლალი მოროშკინამ განაცხადა საჯაროდ, რომ მონაწილეობს სამეურვეო საბჭოს შესარჩევ კონკურსში. ყოფილი სახელმწიფო არხის ჟურნალისტს ასევე აქვს ამბიცია დაიკავოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა.

 

 

Civil.Ge © 2001-2024