ჟენევის ფორმატში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Feb.'08 / 17:57

ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის პირდაპირი კავშირების აღდგენის და უწყვეტი დიალოგის რეჟიმში მუშაობის განახლების საკითხი განიხილეს ჟენევაში გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაზე ქართულმა და აფხაზურმა დელეგაციებმა, იუწყება რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

18-19 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი, ხოლო აფხაზურს - დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა წარმოადგენდა.

თემურ იაკობაშვილმა ტელეკომპანია ”მზესთან” სატელეფონო საუბარში რუსეთის áƒ™áƒáƒœáƒ¡áƒ¢áƒ áƒ£áƒ¥áƒªáƒ˜áƒ£áƒš როლს გაუსვა ხაზი შეხვედრის განმავლობაში. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, მეგობართა ჯგუფმა (საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ) აღნიშნა მხარეებს შორის ცეცხლის განუახლებლობისა და დევნილთა დაბრუნების შესახებ შეთანხმების სწრაფად მიღწევის საჭიროება.

სააგენტო ”აფსნიპრესი” იტყობინება, რომ სერგეი შამბამ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებზე კოსოვოს დამოუკიდებლობის თემა წამოწია წინ და განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გადახედოს მიდგომებს აფხაზეთთან მიმართებაში.

”მოლაპარაკებათა პროცესის შუამავლებმა უნდა გაიაზრონ, რომ ისეთივე აიცილებელია დამოუკიდებლობის უფლების აღიარება, როგორც ტერიტორიული მთლიანობის,”- განაცხადა შამბამ, ”სანამ ეს არ მოხდება, ისინი არ შეიძლება იყვნენ ობიექტური შუამავლები და ჩვენ ფაქტიურად, მათ განვიხილავთ, როგორც საქართველოს მეგობრებს”.

Civil.Ge © 2001-2024