საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატთა სია გამოქვეყნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Feb.'08 / 18:36

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ 235 ადამიანის სია, ვინც საზოგადოებრივი მაუწყებლის 9-წევრიან საბჭოში მოსახვედრად განაცხადები შეიტანა.

სამეურვეო საბჭოს მსურველთა შორის არიან: გაბუნია ნუნუ (კომპოზიტორი); ბათიაშვილი გურამი (მწერალი); სოხაძე ირმა (მომღერალი); სულაკაური ბაკური (გამომცემელი); ტურაშვილი დავითი (მწერალი, მთარგმნელი); სანოძე მერაბი ("სანო სტუდი"-ის გენერალური დირექტორი); კოლელიშვილი ზაზა (მსახიობი, რეჟისორი);  კელაპტრიშვილი ომარი (მუსიკოსი); ღვინჯილია ლევანი (ენის პალატის ყოფილი უფროსი); ჭანტურია გიორგი ("ქართული ანიმაციური სტუდიების" დირექტორი, რეჟისორი); ქანთარია ნუკრი (რეჟისორი; ”ქართული აკადემიის” წევრი); ხუციშვილი გიორგი (კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი-დირექტორი); ღურჭუმელიძე მანანა (საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი); ხალილოვი ზაური (ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოს" გამგეობის წევრი); უგულავა ვლადიმერი ("ტაო პრივატბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე).

სიაში ასევე შედიან მოქმედი და ყოფილი ჟურნალისტები: მოროშკინა ლალი (არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩემი საქართველოს"-თავმჯდომარე; ჟურნალისტი); მელაძე სულხანი (ჟურნალისტი და პარლამენტის პრესსამსახურის ყოფილი უფროსი);  დავით სოკოლოვი  (ჟურნალისტი); კაპანაძე გიორგი (გაზეთ "ჯორჯიან თაიმსი"-ის მთავარი რედაქტორი); ფაჩუაშვილი მამუკა (გაზეთ "24 საათის" მთავარი რედაქტორი).

235 კანდიდატიდან პრეზიდენტმა 27 უნდა წარუდგინოს პარლამენტს, რომელიც 9 კანდიდატს აირჩევს სამეურვეო საბჭოს წევრებად.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სამეურვეო საბჭოს წევრები ოპოზიციასთან შეთანხმებით შეირჩევა და უკვე მომავალ კვირას დაკომპლექტდება, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორს შეარჩევს.

Civil.Ge © 2001-2024