არაბული კომპანია სამშენებლო პროექტებს იწყებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Feb.'08 / 21:08

არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Rakeen Development-ი საქართველოში ახალი სამშენებლო პროექტების განხორციელებას იწყებს, რაშიც ხუთი წლის განმავლობაში 1,5 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანიის გენერალური დირექტორის ზაზა მიქაძის ინფორმაციით, უკვე დაწყებულია თბილისში, დიღომში ე.წ. ”აფთაუნ თბილისის” მშენებლობა, სადაც სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი კომპლექსები განთავსდება და რაზეც, დაახლოებით, 150-170 მლნ დოლარამდე დაიხარჯება. პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს შედგა, 2009-2010 წლებში დასრულდება.

კომპანია ასევე გეგმავს ტაბახმელაში, ვარძიაში, ბათუმსა და გონიოში  ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მშენებლობას.

ზაზა მიქაძის ინფორმაციით, ამ პროექტების ფარგლებში, დაახლოებით, 7-10 ათასი ადამიანი დასაქმდება.

Rakeen Development-ი, რომელიც რას ალ ხაიმას საამიროს შეიხმა საუდ ბინ საქრ ალ ქასიმმა დააარსა,  მსოფლიოს 13 ქვეყანაში ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს, ინვესტიციების საერთო რაოდენობა კი, დაახლოებით, 5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

უძრავი ქონების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეიხ საუდ ბინ საქრ ალ ქასიმსა და საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის გასული წლის თებერვალში, პრეზიდენტის გაერთიანებულ ემირატებში სტუმრობისას შედგა. 

Civil.Ge © 2001-2024