ტელეკომპანია ”იმედზე” გადაწყვეტილებას პატარკაციშვილის ოჯახი მიიღებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Feb.'08 / 10:35

ბადრი პატარკაციშვილს ლონდონიდან საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოსვენებენ და თბილისში 28 თებერვალს დაკრძალავენ, განაცხადა მისმა ოჯახმა კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

”როგორც ბრიტანეთის სასამართლოს გამომძიებელმა ბატონმა ლენ ფერლონგმა 22 თებერვალს გვაცნობა, მიუხედავად იმისა, რომ გრძელდება ბადრის სიკვდილის მიზეზების ძიება, ოჯახს შეუძლია გადმოასვენოს ის სამშობლოში,” - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული წინასწარი მონაცემებით, პატარკაციშვილი 12 თებერვალს მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც გულმკერდში ტკივილებმა შეაწუხა. მისი სიმპტომები გულის áƒ˜áƒ¨áƒ”მიური დაავადების შესაბამისი იყო. თუმცა, პოლიციამ ასევე შეამოწმა მის სხეულში საწამლავის შემცველობის არსებობა, რათა აღმოეჩინა გარე ფაქტორების ზემოქმედების რაიმე მტკიცებულება, რაც დაეხმარა მის áƒ’არდაცვალებას. საბოლოო შედეგები ჯერ არ მიუღიათ.

პატარკაციშვილის ოჯახმა ასევე განაცხადა, რომ ბიზნესმენის დაკრძალვა მისი მეუღლის კომპეტენციაში შედის და გააფრთხილა გარეშე პირები თავი შეიკავონ რაიმე ქმედებებისგან.

”უპირველეს ყოვლისა, ოჯახი გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობას და დამოუკიდებლად გადაწყვეტს ტელერადიოკომპანია “იმედის” ბედს. სწორედ ეს ორი პროექტი  იყო უმნიშვნელოვანესი ბადრის ცხოვრებაში,” - ნათქვამია განცხადებაში. 

ტელეკომპანია ”იმედმა” მაუწყებლობა გასული წლის დეკემბერში შეწყვიტა, რადიო ”იმედი” კი კვლავ განაგრძობს მუშაობას.

 

 

Civil.Ge © 2001-2024