მმართველი პარტია და ოპოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე მოლაპარაკებებში პროგრესს აღნიშნავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'08 / 11:00
სივილ ჯორჯია

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებაზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, განაცხადეს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა 25 თებერვალს გვიან საღამოს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. თუმცა, შეხვედრის დეტალები სავარაუდოდ 26 თებერვალს გახდება ცნობილი.

მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს ლევან გაჩეჩილაძემ, გიორგი ხაინდრავამ, დეპუტატმა გია თორთლაძემ პარტიიდან მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ და მრეწველთა პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ. მმართველ პარტიას წარმოადგენდნენ პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, დეპუტატები გიგა ბოკერია, პავლე კუბლაშვილი და გივი თარგამაძე.

ეს შეხვედრა პირველი იყო áƒ®áƒ”ლისუფლებასა და ოპოზიციას შორის მას შემდეგ, რაც 22 თებერვალს ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ წყვეტს საპროტესტო და შიმშილობის აქციებს და მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ 27 კანდიდატზე, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა 235-კაციანი სიიდან შეირჩა. 

”ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, ”მიღწეული იქნა პრინციპული შეთანხმება იმ ფორმებზე, თუ როგორ უნდა შეირჩნენ კანდიდატები”.

დეპუტატმა გია თორთლაძემ დააკონკრეტა, რომ ფაქტიურად მიღწეულია შეთანხმება იმაზე, თუ ვინ შევა კანდიდატთა 27-კაციან სიაში. ”ჩვენ განვსაზღვრეთ ის 27 ადამიანი, ვინც შეუძლება დასახელდეს. თუმცა, კვლავ გასარკვევია ზოგიერთი დეტალი, რაც ხვალ მოხდება,”- აღნიშნა მან. 

თუმცა, არც მან, არც სხვა მონაწილეებმა არ გაახმოვანეს შეთანხმების სხვა დეტალები, მათ შორის კანდიდატების ვინაობა. მათი განმარტებით, საზოგადოებრივმა ცნობისმოყვარეობამ შესაძლოა შეაფერხოს პროცესი.

”თავს შევიკავებ სახელების დაკონკრეტებისგან, რადგანაც კონსტულტაციები კვლავ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, კონკრეტული გვარები იქნა განხილული, თუმცა ეს გვარები ხვალ გახდება ცნობილი,” - განაცხადა დეპუტატმა ირინა ქურდაძემ, რომელმაც ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელით გააკეთა, გადაცემა Primetime-ში, ”ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა კანდიდატი მისაღები უნდა იყოს, პირველ რიგში, საზოგადოებისთვის და არა პოლიტიკური პარტიებისთვის”.

მოლაპარაკებები ამ საკითხზე სავარაუდოდ შუადღისთვის განახლდება და საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, პარლამენტი ახალ სამეურვეო საბჭოს იმავე დღეს, მოგვიანებით უყრის კენჭს.

მოლაპარაკებების შემდეგ ასევე გახდა ცნობილი, რომ კიდევ ოთხ ადამიანს, რომლებიც 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააპატიმრეს, 26 თებერვალს ან არაუგვიანეს 27 თებერვლისა გაათავისუფლებენ.  

”სულ რვა ადამიანი იქნა გათავისუფლებული და კიდევ ოთხს გაათავისუფლებენ; ეს დღეს შეთანხმდა,” - განუცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ”მე ვფიქრობ, ამ თორმეტი ადამიანის გათავისუფლება დიდი მიღწევაა, რომელიც ღირს მოლაპარაკებად”. 

Civil.Ge © 2001-2024