სეპარატისტებს იმედები გაუცრუვდათ - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'08 / 17:18

სეპარატისტი ლიდერები â€áƒ›áƒ¨áƒ áƒáƒšáƒ–ე” დარჩნენ, რადგანაც რუსეთმა არ აღიარა თვითგამოცხადებული რეგიონები კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს.

მან ეს განცხადება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების ქართველ ვეტერანებთან შეხვედრაზე გააკეთა.

”იცით, რომ ბოლო რამდენიმე თვე ჩვენ ვემზადებოდით იმისათვის, რომ რაღაც პროვოკაციები შეიძლება დაკავშირებულიყო კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და აღიარებას,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მერწმუნეთ, ერთადერთი მიზეზი, როს გამოც ძალიან ნათლად გაცხადდა, რომ არ მოხდება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ლაპარაკიც კი ამ დამოუკიდებლობაზე, არის ის, რომ საქართველოს დგას ფეხზე დღეს”.

”აბა, საქართველოში კარვები იყოს გაშლილი და არეული იყოს სახელმწიფო ფუნქციონირება,” - განაგრძო მან, ”აბა, დღეს საქართველოში სამოქალაქო ომის სიტუაცია იყოს, აბა დღეს საქართველოში ქაოსი და შეტაკებები იყოს და 1991 წლის მდგომარეობა განმეორდეს, ორ წუთში მოხდებოდა ამ ტერიტორიების  ჩამოშორების ოფიციალური გაფორმება. ჩვენ მოვახერხეთ  ამის თავიდან აცილება იმის ხარჯზე, რომ საქართველომ ჩაატარა არჩევნები, საქართველოში განვითარდა დემოკრატიული პროცესი, საქართველოში არის სიმშვიდე, სტაბილურობა და რაც მთავარია, საქართველო არის ძლიერი და შეუძლია ყველა სიტუაციაში ადეკვატური პასუხის გაცემა”.

”[სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ] კოკოითი ბოლო სამი წლის განმავლობაში ამას იძახის: აი ახლა, შემდეგ კვირაში ცნობენ ჩვენ დამოუკიდებლობას. კოსოვო რომ მოახლოვდა, [აფხაზეთის ლიდერი სერგეი] ბაღაფში ალაპარაკდა ამაზე და თქვა, რომ მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია აბსოლუტურად, რომ უახლოეს კვირეებში ცნობენ ჩვენ დამოუკიდებლობას. არის ახლა ეს ხალხი ცარიელ-ტარიელი. დარჩნენ მშრალზე: ბაღაფშიც, კოკოითიც და სხვა სეპარატისტებიც. ვერ გაბედა ვერავინ, ვერ გაბედეს მათმა მფარველმა ძალებმა ამ საკითხის დაძვრაც კი. და ეს არის საქართველოს დიდი საგარეო და საშინაო პოლიტიკური გამარჯვება,” - დასძინა სააკაშვილმა.

მან ასევე განუცხადა ქართველ ვეტერანებს, რომ მათი ბრალი არ იყო, რომ საქართველომ დაკარგა კონტროლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე 90-იანი წლების დასაწყისში. ”მე ზუსტად ვიცი, რომ ქართველ მებრძოლს ეს ომები არ წაუგია; ეს ტრაგედია გამოიწვია უუნარობამ, თავმოუბმელობამ და ღალატმა,” - განაცხადა სააკაშვილმა.  

Civil.Ge © 2001-2024