სააკაშვილი ნატოს შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Feb.'08 / 16:52

საქართველომ მიაღწია ”ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ ზღვარს” ნატოში ინტეგრაციის კუთხით აპრილში ბუქარესტში დაგეგმილი ნატოს სამიტის წინ, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს.

”ის, რაც 2-3 წლის წინ მეც კი მეჩვენებოდა მიუღწეველ უტოპიად, დღეს არის სრულიად რეალური ცხოვრების შემდგომი ეტაპის დასაწყისის გამოჩენა. ამის მომსწრეები ვართ ყველა,” განაცხადა სააკაშვილმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული კონფლიქტების ქართველ ვეტერანებთან საუბრისას.

”2008 წლის 5 აპრილს ბუქარესტში იმართება ნატოს სამიტი, სადაც ერთ-ერთ საკითხად, როგორც ჩანს განიხილება, უკრაინისათვის და საქართველოსათვის ნატოს წევრობის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭება. ეს არის ძალიან ისტორიული, მნიშვნელოვანი ზღვარი ჩვენი ქვეყნისთვის. უახლოეს დღეებში, უფრო სწორად 7 მარტს ბრიუსელში იმართება ნატოს მინისტრთა საბჭო, სადაც წინასწარი  გადაწყვეტილებები ამასთან დაკავშირებით იქნება მიღებული,” - განაცხადა მან, ”მე ვიცი, რომ საქართველოს გარეთაც და შიგნითაც, სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ზოგი ღიად და ზოგიც ფარულად ყველანაირად უშლის ამას ხელს.  დადიან უცხოეთში, ყვებიან, რომ ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი, რომ საქართველო არ არის ჯერ კიდევ იმ დონეზე, რომ ეს მიიღოს და ა.შ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხალხმა ნათლად დაადასტურა რეფერენდუმზე მისი ნება და ეს ნება არის შეუქცევადი. რა არის ნატოს წევრობა? რისთვის არის ეს საჭირო? ეს არის საჭირო იმისათვის, რომ საქართველომ ამ ძალიან რთულ რეგიონში, რისკით აღსავსე რეგიონში, სტრატეგიულად იყოს დაცული და იყოს ამ დაცვის, ამ რეგიონის გამაგრების, ამ ალიანსის, კაცობრიობაში ყველაზე ძლიერი ალიანსის სრულფასოვანი, სრულუფლებიანი წევრი, თავის წვლილი შეიტანოს და თავისი წილი უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს. ნატოს წევრობის კანდიდატობიდან ნატოს წევრობამდე კიდევ რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ კანდიდატობის მიღება, ეს არის პრაქტიკულად შეუქცევადობა ამ პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ჩვენგანისთვის”.

Civil.Ge © 2001-2024