რუსეთი უარყოფს თბილისთან შეთანხმებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'08 / 10:19

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოსთან შეთანხმება რუსეთსა და თვითგამოცხადებულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვრების ერთობლივი გაკონტროლების შესახებ. მან ასევე უარყო ის ფაქტი, რომ თითქოსდა დაარწმუნა თბილისი, რომ მოსკოვი ”არასდროს აღიარებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს”.

რუსეთის საგარეო უწყებამ 27 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საზღვრების ერთობლივი კონტროლი განიხილება რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების ფარგლებში.

”განხილვების დროს ჩვენ დასაწყისშივე ნათლად აღვნიშნეთ, რომ განთიადი-ადლერის áƒ¡áƒáƒ¡áƒáƒ–ღვრო-გამშვებ პუნქტზე და როკის გვირაბზე  სასაზღვრო კონტროლის განხორციელება მთლიანადაა დამოკიდებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების მოგვარების პროცესზე და სოხუმის და ცხინვალის თანხმობაზე, რომელთაც ეცნობათ ჩვენი პოზიციის თაობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ქართველ პარტნიორებს კარგად ესმით ეს ფაქტი,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 26 თებერვალს განაცხადა: ”თქვენ იცით, რომ ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის მთავრობასთან და რუსეთის მთავრობამ მოგვცა თანხმობა როკის გვირაბის და ფსოუს სასაზღვრო და საბაჟო პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებაზე. ჩვენ არ ვიცით ბოლომდე ტექნიკური დეტალები როგორ უნდა განხორციელდეს ეს, მაგრამ ესეც არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი და გარღვევა”.

მანვე ასევე განაცხადა იმავე დღეს, რომ სეპარატისტი ლიდერები გაწბილებულები დარჩნენ, რადგანაც რუსეთმა არ აღიარა ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობის შემდეგ. 22 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”რუსულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ ის არ აღიარებს არც სამხრეთ ოსეთს, არც აფხაზეთს”.

”მოუგვარებელი კონფლიქტების საკითხი პრეზიდენტების ხანმოკლე შეხვედრის დროს არ ყოფილა დეტალურად განხილული და არც არანაირ დარწმუნებას არ ქონია ადგილი,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ”ფაქტიურად, რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ჩვენ არ უნდა გადავიღოთ ზოგიერთი დასავლური სახელმწიფოს უკანონო ქმედებები, თუმცა კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება და აღიარება გათვალიწსინებულ უნდა იქნას ჩვენს მომავალ პოლიტიკაში. ამავე დროს, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეხედულებების გათვალისწინებით”.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები ”მცდარ შეხედულებას ქმნის”, თითქოს რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ზურგს უკან ფარულ გარიგებებს აწარმოებდა.    

Civil.Ge © 2001-2024