რესპუბლიკელები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ვარიანტსაც განიხილავენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'08 / 12:50

რესპუბლიკური პარტია, რომელიც ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის ერთ-ერთი წამყვანი წევრია, მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ვარიანტს განიხილავს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტია კოალიციის ეროვნულ საბჭოს დატოვებს.

”ვფიქრობთ იმაზე დამოუკიდებლად მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა თუ ერთიანი სიით, თუმცა ამ საკითხზე  საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის,”- განუცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა Civil.ge-ს, ”თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ეროვნული საბჭოს დატოვებას”.

ზურაბიშვილმა არ ისურვა ოპოზიციონერი პარტნიორებისაგან დამოუკიდებლად არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის მოტივებზე საუბარი. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა კი Civil.ge-ს განუცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

რესპუბლიკური პარტიის საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

15 თებერვალს ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლისას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ეროვნული საბჭოს სახელით განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არჩევნებში კოალიციის ერთიანი სიით მონაწილეობის თაობაზე, რითაც ოპოზიცია ხალხის დაკვეთას ასრულებს.

Civil.Ge © 2001-2024