ნოემბრის მოვლენებზე ფილმის ჩვენება ”შეცდომა” იყო - კინწურაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 Feb.'08 / 15:55

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა აღიარა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნოემბრის მოვლენების შესახებ áƒ“ოკუმენტური ფილმის ჩვენება ”შეცდომა” იყო. 

მან ეს განცხადება 26 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა ”ღამის საუბრების” დროს გააკეთა. გადაცემას დავით დარჩიაშვილი უძღვებოდა. ინტერვიუს დროს წამყვანმა ჰკითხა კინწურაშვილს, დაუშვა თუ არა მან რაიმე შეცდომები.

”თვითკრიტიკული ვიქნებოდი თუნდაც 7 ნოემბრის ფილმის გაშვებაზე. ჩემი პასუხისმგებლობაც არის ეს, რადგან ფილმი ისე გავიდა ეთერში, რომ მე არ მქონდა ნანახი” - განაცხადა კინწურაშვილმა და აღიარა, რომ ”ეს შეცდომა იყო”.  

მან ასევე უარყო, რომ ფილმი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო, მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე დართული ტიტრები მიანიშნებდა ამ ტელეკომპანიის ავტორობაზე. კინწურაშვილის თქმით, ეს ტექნიკური შეცდომა იყო და აღნიშნა, რომ ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიღო.

ფილმი, რომლის თანახმადაც ნოემბრის საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი შეთქმულების ნაწილი იყო, რომელსაც ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა და ტელეკომპანია ”იმედი” უწევდა პროპაგანდას, გაკრიტიკებულ იქნა როგორც საბჭოთა სტილის პროპაგანდული დოკუმენტური ფილმი, რომელიც ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად.

თამარ კინწურაშვილი გადადგომას აპირებს, ხოლო პარლამენტმა უკვე დაამტკიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო. კინწურაშვილის გადადგომა და ახალი საბჭოს დაკომპლექტება ოპოზიციის მოთხოვნები იყო.

ახალი ცხრა-წევრიანი სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლევან გახელაძემ 27 თებერვალს განაცხადა, რომ საბჭო მომავალი კვირის დასაწყისში შეიკრიბება და ღია კონკურსს გამოაცხადებს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. მისი თქმით, კანონი არ განსაზღვრავს პროცესის დასრულების ბოლო ვადას, თუმცა საბჭო შეეცდება უმოკლეს ვადაში შეარჩიოს ახალი დირექტორი.

Civil.Ge © 2001-2024