რესპუბლიკელები საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
/ 29 Feb.'08 / 15:51
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუმცა იმავდროულად გამოთქვა მზადყოფნა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფარგლებში კოორდინირებულად მოქმედებაზე.

რესპუბლიკელებმა მიღებული გადაწყვეტილება ახსნეს ტაქტიკური მოსაზრებებით და აღნიშნეს, რომ მათ კი არ დაშალეს ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ეროვნული საბჭო, არამედ გაშალეს მმართველი პარტიის დამარცხების მიზნით უკეთესი შედეგის მისაღწევად. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მიზანია არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.

”აუცილებელია, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა მოიპოვონ მყარი ჯამური უმრავლესობა პარლამენტში. საზოგადოები დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა საბოლოო გამარჯვებისათვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია გაშლილი ფრონტით მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულ რესპუბლიკური პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში და პარტია მზადაა ამ მისიის შესასრულებლად”.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია საუბრობს ოპოზიციური ერთობის ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ოპოზიციური ძალების კოორდინირებულ მოქმედებას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც.

”ამიტომ მზად ვართ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებთან, მემარჯვენე ოპოზიციასთან, ლეიბორისტებთან და შესაძლოა, სხვა პარტიებთანაც ვიმუშაოთ გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს რეჟიმში და უზრუნველყოთ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

ოპოზიციური კოალიცია სავარაუდოდ შეინარჩუნებს უკვე რვა ოპოზიციური პარტიის ერთიანობას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის áƒšáƒ˜áƒ“ერობით. გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის რჩება ოპოზიციურ კოალიციაში.

15 თებერვალს გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლისას კონსერვატიული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ ეროვნული საბჭოს სახელით განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება არჩევნებში კოალიციის ერთიანი სიით მონაწილეობის თაობაზე, რითაც ოპოზიცია ხალხის დაკვეთას ასრულებს.

”ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ სწორედ: ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას,”- განუცხადა Civil.ge-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ”ახლებიც და ლეიბორისტებიც მოსახლეობის აზრით ოპოზიციაა, მაგრამ არ არიან ერთ სიაში. პირიქით, სწორედ ხალხის დაკვეთის შესრულებაა, რომ ვიყოთ ერთად ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ ასე არ წარვმართავთ მუშაობას. áƒ©áƒ•áƒ”ნ ჯამურად უნდა ავიღოთ უმრავლესობა პარლამენტში”.

მისი განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის დამოუკიდებლად არჩევნებში გამოსვლის მთავარი მიზანია, რომ არ დარჩეს ფლანგი, სადაც ხელისუფლებას მიეცემა მანიპულაციების საშუალება და ”ხელისუფლებამ წააგოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე მას ეგონა”.

რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოიზიდავენ იმ ელექტორატსაც, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა, თუმცა არ სურს მხარი დაუჭიროს ან ჯერ არ გადაუწყვეტია მისცეს თუ არა ხმა ნაციონალურ მოძრაობას.

”აი ამ ხალხის ხმები, რა თქმა უნდა, ნაკლებად წავა სხვაგან თუ არა რესპუბლიკური პარტიაში,”-  განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ”გარდა ამისა ჩვენ 30 წლის პარტია ვართ და გვყავს მყარი, ერთგული ამომრჩეველი - ელექტორატში ჩვენი ნიშა არის განათლებული ამომრჩეველი”.

რესპუბლიკური პარტიის წევრები უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ მათი ეროვნული საბჭოდან გამოსვლა განაპირობა ერთიან სიებზე შეუთანხმებლობამ.

”სიებზე საუბარი ეროვნულ საბჭოში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ვინმემ რომ თქვას, რომ რაღაცა დაადგინეს და ჩვენ არ მოგვეწონა, ძალიან არასერიოზული იქნება. ჩვენ არ გვთავაზობდნენ ცუდ ვარიანტებს. ასე რომ, ამაში არ არის პრობლემა,”- განუცხადა Civil.ge-ს ლევან ბერძენიშვილმა.

რესპუბლიკელები ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით დარწმუნებით აცხადებენ, რომ მათ საარჩევნო ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეექმნებათ. პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 7%-იანი ბარიერი, განხილვის პროცესში არსებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, 5%-მდე დაიწევს.

Civil.Ge © 2001-2024