რესპუბლიკური პარტიის განცხადება - სრული ტექსტი
/ 29 Feb.'08 / 15:59

29 თებერვალი, 2008


საქართველოს რესპუბლიკური პარტიის
განცხადება


2008 წლის მაისში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებით უნდა დასრულდეს პოსტკომუნისტური ავტორიტარული მმართველობის ეტაპი საქართველოში, რაც იქნება  2007 წლის შემოდგომის მოვლენების ლოგიკური შედეგი. ამისათვის აუცილებელია, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა მოიპოვონ მყარი ჯამური უმრავლესობა პარლამენტში. საზოგადოების დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა საბოლოო გამარჯვებისთვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია გაშლილი ფრონტით მეტ მანდატს მიიღებს ვიდრე ერთიანი სიით. საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულ რესპუბლიკურ პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში და პარტია მზადაა ამ მისიის ღირსეულად შესასრულებლად.

საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია ოპოზიციური ერთობის ისეთი მოდელის მონახვა, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ოპოზიციური სუბიექტების კოორდინირებულ მოქმედებას არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც. ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების წინაპირობების შესაქმნელად. ამიტომ მზად ვართ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებთან, მემარჯვენე ოპოზიციასთან, ლეიბორისტებთან და, შესაძლოა, სხვა პარტიებთანაც ვიმუშაოთ გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს რეჟიმში და უზრუნველვყოთ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა.

საპარლამენტო არჩევნების გზით უნდა მოხდეს არა მხოლოდ არსებული ხელისუფლების შეცვლა, არამედ იმის გარკვევაც, თუ ვინ როგორ ინაწილებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და მის დემოკრატიულ განვითარებაზე. ამომრჩეველს უნდა მივცეთ საშუალება, ერთდროულად გადაწყვიტოს ორივე მნიშვნელოვანი ამოცანა – მისცეს ხმა ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასა თუ ბლოკს და ამით ხელი შეუწყოს ხელისუფლების გასტუმრებას; მისცეს ხმა მისთვის ყველაზე მისაღებ ოპოზიციურ პარტიასა თუ ბლოკს და ამით ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარებას ისეთი გზით, როგორიც თავად წარმოუდგენია. 

ამ გარემოებების საფუძველზე რესპუბლიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე.

Civil.Ge © 2001-2024