ოპოზიციური კოალიცია ერთიანი სიით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 Feb.'08 / 18:31

ოპოზიციურმა კოალიციამ, სადაც რესპუბლიკური პარტიის გამოკლების შემდეგ რვა პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული, განაცხადა, რომ მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით მიიღებენ მონაწილეობას და მათი სიის პირველი ნომერი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იქნება.

”მივიჩნევთ, რომ გამარჯვება უკანონობაზე,  ძალადობასა და სიყალბეზე შესაძლებელია მხოლოდ ერთიანად,”- განაცხადა კოალიციის სახელით კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის ლიდერმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  ”უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩვენი ერთიანი საარჩევნო შტაბი და დაიწყება საარჩევნო კამპანია”.

მისი თქმით, საერთო სახალხო მოძრაობის, როგორც საარჩევნო ბლოკის ლოზუნგი და მიზანი რჩება უცვლელი: ”ეს არის ”საქართველო უპირველეს ყოვლისა” და ეს არის ”საქართველო სააკაშვილის გარეშე”. 

მან ასევე განაცხადა, რომ კოალიციის შიგნით სიის ფორმირების საკითხზე თანხმობაა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილი სიაში იქნება თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის ექსტრადიციის საკითხსაც პარიზის სასამართლო 16 აპრილს განიხილავს.

კობა დავითაშვილმა თავი აარიდა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხს რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კოალიციიდან გასვლისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე. ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს გამოაცხადა.

თუმცა áƒ“ავითაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა უკვე რვა პარტიის კოალიციიდან რომელიმე პოლიტიკური ძალის გასვლის შესაძლებლობა.

Civil.Ge © 2001-2024