არჩევნების წინ ოპოზიციის ახალი კონფიგურაცია გამოიკვეთა
/ 1 Mar.'08 / 13:02
სივილ ჯორჯია

ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, რათა არ დაიკარგოს არცერთი ოპოზიციური ხმა.

რესპუბლიკელებმა მიღებული გადაწყვეტილება ახსნეს ტაქტიკური მოსაზრებებით და აღნიშნეს, რომ მათ კი არ დაშალეს ცხრა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი ეროვნული საბჭო, არამედ გაშალეს მმართველი პარტიის დამარცხების მიზნით უკეთესი შედეგის მისაღწევად.

”აუცილებელია, რომ ძირითადმა ოპოზიციურმა ძალებმა მოიპოვონ მყარი ჯამური უმრავლესობა პარლამენტში. საზოგადოები დაკვეთაა ოპოზიციის ერთიანობა საბოლოო გამარჯვებისათვის. პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ოპოზიცია გაშლილი ფრონტით მეტ მანდატს მიიღებს, ვიდრე ერთიანი სიით,”- განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასულ რესპუბლიკური პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო საქმეში და პარტია მზადაა ამ მისიის შესასრულებლად”.

იმავდროულად, რესპუბლიკური პარტია საუბრობს ოპოზიციური ერთობის ისეთი მოდელის შექმნაზე, რომელიც უზრუნველყოფს ძირითადი ოპოზიციური ძალების კოორდინირებულ მოქმედებას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც.

”ამიტომ მზად ვართ ეროვნულ საბჭოში გაერთიანებულ პარტიებთან, მემარჯვენე ოპოზიციასთან, ლეიბორისტებთან და შესაძლოა, სხვა პარტიებთანაც ვიმუშაოთ გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს რეჟიმში და უზრუნველყოთ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

იმავდროულად, უკვე რვა ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარმა კოალიციამ, 29 თებერვალს რესპუბლიკური პარტიის განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოაცხადა, რომ მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი ბლოკით მიიღებს მონაწილეობას და მათი სიის პირველი ნომერი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე იქნება.

”მივიჩნევთ, რომ გამარჯვება უკანონობაზე,  ძალადობასა და სიყალბეზე შესაძლებელია მხოლოდ ერთიანად,”- განაცხადა კოალიციის სახელით კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის ლიდერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე,  ”უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩვენი ერთიანი საარჩევნო შტაბი და დაიწყება საარჩევნო კამპანია. საერთო სახალხო მოძრაობის, როგორც საარჩევნო ბლოკის ლოზუნგი და მიზანი რჩება უცვლელი: ეს არის ”საქართველო უპირველეს ყოვლისა” და ეს არის ”საქართველო სააკაშვილის გარეშე”. 

ოპოზიციის კოალიციაში რჩებიან:  კონსერვატორები; საქართველოს გზა; თავისუფლება;  მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის; ხალხის პარტია;  ქართული დასი; ეროვნული ფორუმი; ჩვენ თვითონ. კოალიციის სუბიექტები არიან ასევე ლევან გაჩეჩილაძე და გოგა ხაინდრავა თანასწორობის ინსტიტუტიდან.

დავითაშვილმა კატეგორიულად გამორიცხა კოალიციაში დარჩენილი სუბიექტებიდან რომელიმეს გასვლის შესაძლებლობა.

იმავდროულად, კოალიციის ნაწილი შეეცადა თავი აერიდებინა რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებაზე კომენტარისაგან მაშინ, როცა ზვიად ძიძიგურმა, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც რესპუბლიკელებთან ერთად ერთ საპარლამენტო ფრაქციაშია გაერთიანებული, áƒžáƒáƒ áƒ¢áƒœáƒ˜áƒáƒ áƒ”ბის გადაწყვეტილება ”სერიოზულ შეცდომად” შეაფასა.

”მე ვფიქრობ, რომ მათ სერიოზული შეცდომა დაუშვეს იმიტომ, რომ ხალხის დაკვეთა არის ერთიანობაზე,” -განუცხადა Civil.ge-ს ზვიად ძიძიგურმა.

”ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ სწორედ: ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას,”- განუცხადა Civil.ge-ს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ”ახლებიც და ლეიბორისტებიც მოსახლეობის აზრით ოპოზიციაა, მაგრამ არ არიან ერთ სიაში. პირიქით, სწორედ ხალხის დაკვეთის შესრულებაა, რომ ვიყოთ ერთად ანუ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები არ ვართ, ჩვენ ასე არ წარვმართავთ მუშაობას. ჩვენ ჯამურად უნდა ავიღოთ უმრავლესობა პარლამენტში”.

მისი განცხადებით, რესპუბლიკური პარტიის დამოუკიდებლად არჩევნებში გამოსვლის მთავარი მიზანია, რომ არ დარჩეს ფლანგი, სადაც ხელისუფლებას მიეცემა მანიპულაციების საშუალება და ”ხელისუფლებამ წააგოს იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე მას ეგონა”.

რესპუბლიკელები ვარაუდობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მოიზიდავენ იმ ელექტორატსაც, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა, თუმცა არ სურს მხარი დაუჭიროს ან ჯერ არ გადაუწყვეტია მისცეს თუ არა ხმა ნაციონალურ მოძრაობას.

”აი ამ ხალხის ხმები, რა თქმა უნდა, ნაკლებად წავა სხვაგან თუ არა რესპუბლიკური პარტიაში,”-  განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, ”გარდა ამისა ჩვენ 30 წლის პარტია ვართ და გვყავს მყარი, ერთგული ამომრჩეველი - ელექტორატში ჩვენი ნიშა არის განათლებული ამომრჩეველი”.

რესპუბლიკური პარტიის წევრები უარყოფენ იმ მოსაზრებას, რომ მათი ეროვნული საბჭოდან გამოსვლა განაპირობა ერთიან სიებზე შეუთანხმებლობამ.

ლეიბორისტები, რომლებიც ოპოზიციურ კოალიციას 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მათი ლიდერის შალვა ნათელაშვილის კანდიდატად მონაწილეობის გამო გამოეყვნენ, საპარლამენტო არჩევნებში ასევე დამოუკიდებელ სუბიექტად წარსდგებიან.

”ჩვენ თავიდანვე ვივარაუდეთ, რომ განსხვავებული მსოფლმხედველობის მქონე, პოლიტიკური ძალების გაერთიანება მოიტანს საბოლოო ჯამში ამ ძალების გაყრას და დაშლას. ამიტომ არის სწორედ, რომ ლეიბორისტული პარტია არ აკეთებს ნაჩქარევ ნაბიჯებს ე.წ. გაერთიანებისაკენ, რომელიც აუცილებლად მთავრდება განქორწინებით,”- განუცხადა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებს 1 მარტს.  

ახალ მემარჯვენეებს, რომელთა ლიდერმა დავით გამყრელიძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 4% მიიღო, ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვთ როგორი სახით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მემარჯვენე დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ პარტიას სამი ვარიანტი აქვს: მიიღოს მონაწილეობა დამოუკიდებლად; ან ტრადიციულ პარტნიორებთან  - მრეწველებთან ერთად ან ოპოზიციის ფართო კოალიციის ფარგლებში. თუმცა ამ უკანასკნელის შანსები შემცირდა მას შემდეგ, რაც რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო.

Civil.Ge © 2001-2024