”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი საკუთრების საკითხზე დუმილს ამჯობინებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Mar.'08 / 15:52

გაზეთ ”24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 1 მარტს გამოქვეყნდა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ჩიქოვანმა თავი შეიკავა ნათელი მოეფინა ტელეკომპანიის საკუთრების საკითხისთვის.

”ორი ორგანიზაციაა [მფლობელი]. ერთ-ერთი ბეჟუაშვილის საკმაოდ ცნობილი ინდუსტრიული ჯგუფია და მეორეც ქართული ბიზნესსტრუქტურაა, კონკრეტიკას საჭიროდ არ ვთვლი,” - უპასუხა მან კითხვაზე, თუ ვინ იყო ტელეკომპანიის მფლობელი.

ტელეკომპანიების ”მზე” და ”რუსთავი 2”-ს მფლობელია ორი კომპანია - საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი და ”გეომედია ჯგუფი”. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი, რომელიც ორივე ტელეკომპანიაში აქციების 45%-ს ფლობს, სხვადასხვა სფეროებში (მათ შორის ქვანახშირის მოპოვების, ენერგეტიკის და ტურისტულ სფეროებში) მოღვაწე უმსხვილესი კომპანიაა. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დამფუძნებელია საგარეო საქმეთა მინისტრის ძმა დავით ბეჟუაშვილი. დანარჩენ აქციებს ”რუსთავში 2”-ში და ”მზეში”, ანუ 55%-ს გეომედია ჯგუფი ფლობს. ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ამ კომპანიის შესახებ მოიპოვება ის არის, რომ ეს კომპანია მარშალის კუნძულებზეა დარეგისტრირებული.

”ერთადერთი მოთხოვნა არის ის, რომ არხი ფინანსურად წარმატებული იყოს,” - განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ”რუსთავი 2” ”საკუთარ თავს ინახავს და ეს უკვე წარმატებაა”.

ჩიქოვანმა, რომელიც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი გასული წლის ოქტომბერში გახდა და ამ პოსტზე კობა დავარაშვილი შეცვალა, კატეგორიულად უარყო, რომ ტელეკომპანიას ხელისუფლება აკონტროლებს. მან ასევე უარყო, რომ ვინმეს გარდა საინფორმაციო სამსახურისა, შეუძლია ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე ზემოქმედება. 

”მეკითხებით, ვინ მირეკავს? არავინ არ მირეკავს და არავინ არაფერს არ მეუბნება,” - განაცხადა ჩიქოვანმა, ”ჟურნალისტებს კრებაზე ძალიან მარტივად ვუთხარი - თუ ვინმე დაგირეკავთ და რამეს მოგთხოვთ, ჩემი ტელეფონი მიეცით და დამირეკონ მე”.

მან აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დახურვის შემდეგ ”რუსთავი 2”-ს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტები არ ჰყავს. ”თუ რეიტინგებს ნახავთ, ჩვენ საკმაოდ ვასწრებთ ყველას ... ზოგადად ცუდია, როცა კონკურენცია არ არის,” - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება áƒ¡áƒáƒ›áƒáƒ›áƒáƒ•áƒšáƒ გეგმებს, ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ”რუსთავი 2” აპირებს BBC-ის Hard Talk-ის ტიპის გადაცემის გაკეთებას, რომელსაც ჟურნალისტები ნინო ჯაფიაშვილი და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ. 


 

Civil.Ge © 2001-2024