ოქრუაშვილის პარტიაში საკადრო ცვლილებებია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Mar.'08 / 10:37

ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის თავმჯდომარის პოსტი დეპუტატმა გია თორთლაძემ, ხოლო პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობა áƒ“ეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა დატოვეს. თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი პარტიის რიგებში რჩებიან.

”ჯერ არ მიფიქრია დავრჩები პარტიის წევრად თუ არა, ყოველ შემთხვევაში მე ვრჩები [გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ] საბჭოში, რომელიც გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ,”- განუცხადა თორთლაძემ ”რუსთავი 2”-ს. 

ამ გადაწყვეტილების მოტივად პარტიის წევრმა, ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელმაც უკვე დაიკავა  პარტიის გენერალური მდივნის პოსტი,  დაასახელა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილება თავად უხელმძღვანელოს მისივე დაფუძნებულ პარტიას. ეს გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში პარტიის ყრილობაზე გაფორმდება. მანამდე კი ბესელია უხელმძღვანელებს პარტიას.

ამჟამად ოქრუაშვილი პარიზში იმყოფება და მას ქალაქის დატოვების უფლება არ აქვს, ვიდრე ფრანგული სასამართლო არ გადაწყვეტს მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხს. სასამართლო სხდომა 16 აპრილს არის დანიშნული.

სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ოქრუაშვილი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. ასეთი სურვილის შესახებ ცოტა ხნის წინ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა.

Civil.Ge © 2001-2024