ოპოზიცია მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის ახალ წესს აპროტესტებს
/ 4 Mar.'08 / 19:32
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს 75 მაჟორიტარი დეპუტატის არჩევის ახალ წესს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 4 მარტს გამართულ სხდომაზე 168  ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, ითვალისწინებს მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის პრინციპის ’მოგებულს ყველაფერი რჩება’ შეცვლას  იმ სისტემით, სადაც 75-ვე რაიონს თავისი წარმომადგენელი ეყოლება საკანონმდებლო ორგანოში.  

თუ პარლამენტი ამ პაკეტს მეორე და მესამე მოსმენითაც დაუჭერს მხარს, მაჟორიტარ დეპუტატთა რიცხვი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, 50-ს შეადგენს, 75-მდე გაიზრდება და ასევე 100-დან 75-მდე შემცირდება პროპორციული პარტიული სიით არჩეულ დეპუტატთა რიცხვი.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა დაგმეს ამ სისტემის მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოს მიერ, ხოლო ზოგიერთმა მათგანმა საპროტესტო აქციების შესაძლო განახლების შესახებაც გააკეთა განცხადებები.

”ისევ დაიწყება საპროტესტო აქციები და კარვები,” - განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან Civil.Ge-ს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერის შემდეგ, ”მოლაპარაკებები [მმართველ პარტიასთან] აღარ იქნება”.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ”მატყუარაა”, რადგანაც მმართველმა პარტიამ არ შეასრულა თავისი დანაპირები, რომ მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის რეგიონალურ პროპორციულ სიებს დაუჭერდა მხარს.

რეგიონული პროპორციული სიები გულისხმობს რეგიონებში პარტიული სიებისათვის ხმის მიცემას, სადაც რეგიონისთვის განკუთვნილი მანდატები მიღებული ხმების მიხედვით პროპორციულად გადანაწილდება. ეს საკითხი იყო ის ერთ-ერთი პირველი ოპოზიციის მოთხოვნებს შორის, რაზეც მხარეებმა განაცხადეს, რომ პრინციპებზე შეთანხმება მიღწეულია. áƒ”ს სისტემა გულისხმობს რეგიონების დონეზე საარჩევნო ბარიერის დაწესებას და გამორიცხავს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რადგანაც ყველა კანდიდატი უნდა დასახელდეს პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ.

თავდაპირველად, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ამ სისტემამ მმართველი პარტიის მხარდაჭერა მოიპოვა. ხელისუფლებამ ოპოზიციის საპასუხო მემორანდუმში, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა: ”პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შეიცვლება რეგიონული პროპორციული სისტემით ეუთოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად. ამ მიზნით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია და შესაბამისი ცვლილებები კონსენსუსის შემთხვევაში განხორციელდება მარტის ბოლომდე”.

თუმცა, 75 ამჟამინდელი მაჟორიტარი, რომელთა უმეტესობაც მმართველი პარტიის მხარდამჭერია, იმ სისტემას იცავენ, რომელმაც უზრუნველყო მათი არჩევა 2003 წელს. ისინი გამოდიან ინიციატივით, რომელიც მხარს უჭერს ერთი მაჟორიტარის არჩევას თითოეული რაიონიდან. ოპოზიციური დეპუტატების განცხადებით, ამ ინიციატივის უკან მმართველი პარტიის ფარული ხელი იგრძნობა.

მაშინ როცა რეგიონული პროპორციული სიები ზრდის ოპოზიციური პარტიების მიერ მაჟორიტარული მანდატების მოპოვების შანსებს, ახალი სისტემის შემთხვევაში, მათი მაჟორიტარულ არჩევნებში წარმატების შანსები მნიშვნელოვნად მცირდება.

პარლამენტის მიერ ახალი წესის პირველი მოსმენით მიღებიდან ცოტა ხნის შემდეგ, ოპოზიციურმა დეპუტატებმა მრეწველებიდან, ახალი მემარჯვენეებიდან, კონსერვატორებიდან და მოძრაობა ერთიანი საქართველოდან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და პირობა დადეს, რომ ერთობლივი ქმედებებით თავიდან აიცილებდნენ ამ ინიციატივის მეორე და მესამე მოსმენებით მიღებას.

”სააკაშვილის ამ უსუსურმა რეჟიმმა, რომელსაც არ ცნობს ქართველი ხალხი, კვლავ დანაშაული ჩაიდინა,” - განაცხადა ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ პრესკონფერენციაზე, ”ეს არის საპარლამენტო არჩევნების მოპარვის მცდელობა... მათ დაარღვიეს უკვე მიღწეული შეთანხმება... ჩვენ დავუპირისპირდებით ამას ერთიანი ოპოზიციური ფრონტით”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა პარლამენტის 4 მარტის გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზე.

”ჩვენ, ოპოზიციური პარტიები - და იმედი მაქვს, რომ ლეიბორისტული პარტიაც გაიზიარებს ამ პოზიციას - ერთობლივი ქმედებებით დავუპირისპირდებით მმართველი პარტიის ამ თავხედურ გადაწყვეტილებას,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ოპოზიციური კოალიცია, რამდენიმე დღის წინ áƒ’ანაცხადა, áƒ áƒáƒ› გადახედავს თავის გადაწყვეტილებას არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე პარლამენტის მიერ მაჟორიტარების არჩევის ახალი წესის დამტკიცების შემთხვევაში.  

გარდა მაჟორიტარული სისტემის შეცვლისა, საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი  დაუჭირა 7%-იანი საარჩევნო ბარიერის 5%-მდე შემცირებას და ასევე უარი თქვა პარლამენტის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადის 5 წლამდე გაზრდაზე, რასაც ასევე ეწინააღმდეგებოდა ოპოზიცია.


 

Civil.Ge © 2001-2024