ოპოზიცია საპროტესტო აქციებს გეგმავს
/ 5 Mar.'08 / 19:28
სივილ ჯორჯია

რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ 9 მარტიდან áƒ®áƒ”ლახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ახლახანს დატოვა ოპოზიციური კოალიცია, განაცხადა, რომ შეუერთდება საპროტესტო აქციებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მიზანია საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში არასდროს აღარ ჩატარდეს. ლეიბორისტულმა პარტიამ განაცხადა, რომ ის არ შეუერთდება კოალიციის საპროტესტო აქციებს. ახალმა მემარჯვენეებმა განაცხადეს, რომ მათ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. ”თავად ინიციატივა [ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე] მისაღებია, მაგრამ ჩვენი აღმასრულებელი კომიტეტი იმსჯელენს და გადაწყვეტს შეუერთდეს აქციებს, თუ არა,” - განუცხადა დეპუტატმა ფიქრია ჩიხრაძემ ახალი მემარჯვენეებიდან Civil.Ge-ს.

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ეუთოს საბოლოო დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება.

”ეს განცხადება არის ქართველი ხალხის დიდი გამარჯვება საერთაშორისო ასპარეზზე,”- განაცხადა ოპოზიციური კოალიციის სახელით კობა დავითაშვილმა, ხალხის პარტიის ლიდერმა, ”და ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამიერიდან მთელი მსოფლიოს აზრითაც არ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი ამ ქვეყნისა და ეროვნული საბჭოს მოთხოვნებს ემატება ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა - ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები ამ ქვეყანაში”.

ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ საბოლოო დასკვნაში საპრეზიდენტო არჩევნების დღე და ხმის მიცემა ზოგადად დადებითად შეაფასა, თუმცა ხმების დათვლის პროცესი ”ნაკლებად პოზიტიურად”. 

”[ხმების] დათვლის პროცესის 23% [სულ 180 საარჩევნო უბანი], სადაც IEOM-ი [საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია] ახორციელებდა დაკვირვებას, შეფასდა როგორც ’ცუდი’ ან ’ძალიან ცუდი,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”საუბნო საარჩევნო კომისიების 35%-მა არ განახორციელა ხმების დათვლის პროცესი დადგენილი წესით”.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად ბრიუსელს სტუმრობს, განუცხადა ჟურნალისტებს, რომ როგორც ჩანს, ქუჩის აქციები ოპოზიციის თვითმიზანს წარმოადგენს.

”არა მგონია, რომ ყველაფერზე მოთხოვნების და ულტიმატუმების დაყენებით მოხდება პროცესების გაუმჯობესება და ნორმალურ ჭრილში გადასვლა. მთელი მსოფლიო საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს, როგორც ნორმალურს და დემოკრატიულს, რომელიც შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს და ეუთოს სტანდარტებს,” - განაცხადა ბურჯანაძემ. ”ბუნებრივია, იყო შენიშვნები, რომლებიც ჩვენთვის ახალი არ არის. მე ნანახი მაქვს ეუთოს საბოლოო დასკვნა. ერთი თუ ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა ODIHR-ის ხელმძღვანელთან, ბატონ [კრისტიან] სტროჰალთან, რომელმაც ისაუბრა ამ შენიშვნებთან დაკავშირებით. მაგრამ ამ შენიშვნებში არ არის არაფერი ისეთი, რომელიც კითხვის ნიშნის ან ეჭვის ქვეშ აყენებდეს საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგებს”.

მიმდინარე კვირაში ოპოზიცია უკვე მეორედ იმუქრება საპროტესტო აქციების განახლებით. პირველად ოპოზიციურმა ძალებმა საპროტესტო მოძრაობის განახლების შესახებ მას შემდეგ გააფრთხილეს, რაც 4 მარტს მმართველმა პარტიამ, ოპოზიციის შეფასებით,  დაარღვია ადრე მიღწეული შეთანხმება და მაჟორიტარული საპარლამენტო არჩევნების ისეთ სისტემას დაუჭირა მხარი, სადაც 150-წევრიან პარლამენტში 50-ის ნაცვლად 75 მაჟორიტარი და 100-ის მაგივრად 75 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი მოხვდება.

მოწოდებებს აქციების განახლების თაობაზე წინ უძღოდა ოპოზიციური კოალიციის მიერ 22 თებერვალს შიმშილობის და საპროტესტო აქციების შეწყვეტა. მაშინ კოალიციის ლიდერმა, დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ ზომიერი პოზიცია დაიკავა და განაცხადა, რომ საჭირო იყო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გაგრძელება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რესპუბლიკურმა პარტიამ - მაშინ ჯერ კიდევ კოალიციის წევრმა - თუმცა მწვავე კრიტიკა მოყვა კოალიციის სხვა წევრების მხრიდან. ამის áƒ¨áƒ”მდეგ მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭოს დამტკიცება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, და ასევე გათავისუფლებულ იქნა 7 ნოემბრის მოვლენების დროს დაკავებული რამდენიმე პიროვნება. კონსერვატიულმა პარტიამ 5 მარტს განაცხადა, რომ ერთ-ერთმა ”პოლიტპატიმარმა”, რომელიც ნოემბერში იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციურმა კოალიციამ, რომელიც მაშინ ცხრა პარტიისგან შედგებოდა, რიგი საპროტესტო აქციები გამართა მეორე ტურის გამართვის მოთხოვნით, რომელშიც კოალიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდებოდა. ამ კამპანიას ლეიბორისტული პარტიაც შეუერთდა. თუმცა, მოგვიანებით ოპოზიციამ ამ მოთხოვნაზე უკან დაიხია და ყურადღება სამართლიანი და თავისუფალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად შესაბამისი პირობების შექმნის მოთხოვნაზე გადაიტანა.


 

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024