რუსეთი აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმებას ტოვებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'08 / 18:25

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა ცალმხრივად გამოდის 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ქვემოთ მოცემულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადება:

”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის 6 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აღმასრულებელ კომიტეტს გაუგზავნა ოფიციალური ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია, ვითარებების შეცვლის გამო, აღარ მიიჩნევს საჭიროდ შეასრულოს დსთ-ს აღმასრულებელი საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების დებულებები ”აფხაზეთში, საქართველოში კონფლიქტის დარეგულირების ღონისძიებების შესახებ”. ამ გადაწყეტილებით მითითებული ვადიდან დაწესდა აკრძალვა სავაჭრო-ეკონომიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და სხვა კავშირებზე აფხაზეთთან.     

როგორც ცნობილია, მოცემული გადაწყვეტილება 1996 წელს მიღებულ იქნა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მხარეებს შორის მწვავე დაპირისპირების ფონზე, რომელიც 1992-1993 წლების სისხლიანი ომის შემდეგ გაგრძელდა. იმ დროს მისი მიზანი იყო დაეყოლიებინა აფხაზეთი უფრო მოქნილი პოზიცია დაეკავებინა, პირველ რიგში, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხში.

დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. გალის რაიონში დაბრუნდა იქ მაცხოვრებელი ქართული ეროვნების დევნილთა უმეტესობა. ამ პროცესის შემდგომ წინსვლას აფერხებს საქართველოს უარი მათი რეგისტრაციის წესზე, რომელიც დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მიერ იქნა შეთავაზებული.         

რაც შეხება კონფლიქტის მოგვარების პროცესში მონაწილეობას, აფხაზური მხარე ამ სფეროში ასრულებს მის ვალდებულებებს ყველა ძირითადი შეთანხმებების თანახმად. ის მზად არის პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის ზონაში ნდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამ ფონზე, ქართული მხარე არ იჩენს ანალოგიურ კონსტრუქციულ მიდგომას ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმართ. გარდა ამისა, აფხაზეთის ზემო კოდორის ხეობაში თბილისის დაქვემდებარებაში მყოფი ადმინისტრაციული სტრუქტურის განთავსებით, ის ფაქტიურად შლის მოლაპარაკებების პროცესს. 

ამ ფონზე áƒáƒ¦áƒœáƒ˜áƒ¨áƒœáƒ£áƒšáƒ˜ გადაწყვეტილების მიერ დადგენილი აკრძალვების შენარჩუნება მთლიანად კარგავს აზრს, აფერხებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციას რეგიონში და აფხაზეთის ხალხს გაუმართლებელ სირთულეებს უქმნის.

აფხაზეთის მიმართ სანქციების მოხსნა ჯდება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული პრინციპის კალაპოტში, რომელიც გულისხმობს იძულებითი ზომების შერბილებას და მოხსნას იმ შემთხვევაში, თუ მათი ადრესატები ასრულებენ საერთაშორისო საზოგადოების შესაბამის მოთხოვნებს. ამის სასარგებლოდ გამოდიოდა ასევე გაეროს გენერალური მდივნის საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომლის რეკომენდაციებიც მხარდაჭერილია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა მოიცავს წინადადებას თანამეგობრობის წევრი სახელმწიფოებისადმი გადადგან ანალოგიური ნაბიჯები და გამოვიდნენ  შემზღუდველი რეჟიმიდან აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც 1996 წელს იქნა შემოღებული”.

Civil.Ge © 2001-2024