რესპუბლიკელები 9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 Mar.'08 / 19:03

რესპუბლიკური პარტია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოეყო ოპოზიციურ კოალიციას, ყოფილი პარტნიორების მიერ 9 მარტს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება მიუხედავად იმისა, რომ არ იზიარებს აქციის მთავარ ლოზუნგს ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე.

”9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების გარდა, სხვა მოწოდებაც არის და ეს არის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, ამ მოთხოვნით ჩვენ ყველა აქციაში მივიღებთ მონაწილეობას,” - განუცხადა Civil.Ge-ს თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, რესპუბლიკელების მთავარი მიზანია საპარლამენტო არჩევნების გზით მოხდეს ”სააკაშვილის რეჟიმის” შეცვლა.

დღესვე საინფორმაციო მიტინგი გამართეს აქციის ორგანიზატორებმა და განაცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ იქნება საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, სიების დაზუსტება და საარჩევნო კომისიების პარიტეტული დაკომპლექტება.

"საქართველო პატარა ქვეყანაა და ეუთო-ს დასკვნის გარეშეც კარგად ვიცით, თუ როგორ ჩატარდა საქართველოში არჩევნები. ამიტომ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ 9 მარტს, 14.00 საათზე პარლამენტის კიბეებთან კიდევ ერთხელ მოხვიდეთ",- განაცხადა 6 მარტს კოალიციის ყოფილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ საქართველოში ახალი, ნოემბრის მოვლენების მეორე ტალღა დაიწყება.

რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციის წევრებმა საპროტესტო აქციებისკენ 5 მარტს მას შემდეგ მოუწოდეს, რაც 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა, სადაც ხმების დათვლის 23% შეფასებულია ”ცუდად” ან ”ძალიან ცუდად”.

კოალიციის მოწოდებას გაემიჯნა ლეიბორისტული პარტია. ახალ მემარჯვენეებს აქციებში მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებიათ.

Civil.Ge © 2001-2024