ოქრუაშვილი ოპოზიციას რადიკალიზმის ნაკლებობას უწუნებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'08 / 11:00

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოპოზიციური კოალიცია გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი თქმით, ოპოზიციამ ვერ შეძლო უფრო რადიკალური პოზიცია დაეკავებინა და თავის კამპანიაში ხელისუფლებაზე ზეწოლის იმპულსი დაკარგა.

მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა, რომელიც რვა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიციის წევრია, ეს განცხადება ტელეკომპანია ”კავკასიასთან” ინტერვიუში გააკეთა. საკმაოდ ხანგრძლივი ინტერვიუ, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, პარიზში 1 მარტს იქნა ჩაწერილი და 6 მარტს საღამოს გადაიცა.

”მე ნამდვილად არ მინდა ახალი განხეთქილების ვაშლი გავხდე ოპოზიციისთვის, მაგრამ მე ნამდვილად ვერ შევიკავებ თავს, რომ ერთი რამ არ ვთქვა,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”ოპოზიცია დგას საფრთხის წინაშე, რომ დაუბრუნდეს იმ სიტუაციას, რომელშიც 2007 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა, თუ კვლავ განაგრძობს ამგვარი არათანმიმდევრულობის გამოვლენას. არათანმიმდევრულობაში მე ვგულისხმობ არა მიზნის, არამედ სტრატეგიის გაურკვევლობას”.  

”მოსახლეობაში არსებული განწყობა ოპოზიციისგან რადიკალურ და მწვავე ქმედებებს მოითხოვდა. მათ [ოპოზიციამ] ეს ვერ შეამჩნია. ბუნებრივია, რომ არის იმედგაცრუების ნიშნები [ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის] და ახლა ოპოზიციამ როგორღაც რეაგირება უნდა მოახდინოს ამ იმედგაცრუებაზე,”- აღნიშნა მან.

ინტერვიუ ოთხი დღით ადრე ჩაიწერა, სანამ ოპოზიციური კოალიცია გამოაცხადებდა, რომ 9 მარტს საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს და ერთი დღის შემდეგ, როცა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ტოვებს ოპოზიციურ კოალიციას და საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებს მონაწილეობას.

ოქრუაშვილმა გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტია კოალიციის დატოვების  გამო.

”სიმართლე რომ ვთქვა, მე არ გამიგია რაიმე ძლიერი არგუმენტი რესპუბლიკური პარტიისგან, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება,” - განაცხადა ოქრუაშვილმა, ”ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ რესპუბლიკური პარტიის ეს ნაბიჯი არ შეესაბამებოდა ოპოზიციის მიზანს და ამგვარი ქმედებით მათ [რესპუბლიკელებმა] áƒ¡áƒáƒ¤áƒ áƒ—ხე შეუქმნეს [ოპოზიციის] წარმატების მიღწევას. ის არგუმენტი [რესპუბლიკების], რომ ისინი მეტ მანდატებს მოიპოვებენ ახალ პარლამენტში დამოუკიდებლად მონაწილეობით, ჩემთვის არგუმენტი არ არის. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის”.

მან ასევე განაცხადა, რომ áƒ›áƒ˜áƒ˜áƒ¦áƒ ”პრინციპული გადაწყვეტილება”  მაისში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მას შესაძლოა გარკვეული წინააღმდეგობები შეექმნას. ოქრუაშვილი, რომელიც პარიზის სასამართლოში 16 აპრილს დაგეგმილ მისი ექსტრადიციის საქმის განხილვას ელოდება, საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება. მას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ქრთამის აღების, გამოძალვის, ფულის გათეთრების და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლები აქვს წაყენებული. მოსმენა პარიზის სასამართლოში თავდაპირველად 27 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა შემდეგ გადაიდო. ოქრუაშვილის თქმით, განხილვის გადადება კარგი იყო მისთვის, რადგანაც ამან შეაჩერა საქართველოს სასამართლოში მის დაუსწრებლად განაჩენის გამოტანა, áƒ áƒáƒª ავტომატურად აუკრძალავდა მას საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. კანონი არ უკრძალავს პიროვნებას არჩევნებში მონაწილეობას, თუ მის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი არ არის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ის უარს იტყვის არჩევნებში მონაწილეობაზე, თუ ოპოზიციის მემორანდუმში გახმოვანებულ მოთხოვნებს ხელისუფლება არ შეასრულებს.

ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა 5 იანვრის, როგორც მან უწოდა, გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და დასავლეთი გააკრიტიკა არჩევნების მოწონების გამო. მისი თქმით, ამგვარი ქმედებით დასავლეთმა ძირი გამოუთხარა თავის დადებით იმიჯს საქართველოს საზოგადოების თვალში.  

”თუ საპარლამენტო არჩევნებიც იმგვარად ჩატარდა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნები, მოხდება დასავლეთის ტოტალური დისკრედიტაცია საქართველოში. ის იქნება სამწუხარო რეალობა,” - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგანაც, მისი თქმით, მას არ აქვს სურვილი გააერთიანოს საქართველო. ოქრუაშვილის თქმით, ნოემბრის მოვლენების შემდეგ სააკაშვილი ვერ შეძლებს საკუთარი თავის რეაბილიტაციას ქართველი ხალხის თვალში.

”სააკაშვილის რეაბილიტაცია შეუძლებელია... მისი ბიუროკრატების ილუზიები - განსაკუთრებით [ვანო] მერაბიშვილის [შინაგან საქმეთა მინისტრის] - რომ მათი რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც კი ისინი აფხაზეთზე კონტროლს აღადგენენ, ბლეფია. ეს არ არის ის ხალხი, ვისაც შეუძლია კონტროლი აღადგინოს აფხაზეთზე. არათანმიმდევრულობა, რომელიც შეინიშნება [სააკაშვილის რიტორიკაში] უჩვენებს, რომ მას არანაირი გეგმები არ გააჩნია”.

”მე მასთან პირპისპირ შეხვედრა მქონდა კოდორის ოპერაციის შემდეგ [2006 წლის ზაფხულში], რათა ოპერაციის შემდგომი გაფართოების გეგმა შეგვედგინა - დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რათა არ გამოვიწვიო რაიმე პროვოკაციები - და მისი პასუხი ასეთი იყო: გუშინ სიზმარი ვნახე, თითქოს ჩვენ ორივე ჰააგის ციხის საკანში ვიყავით და კარლა დელ პონტე [მაშინდელი ჰააგის ტრიბუნალის მთავარი პროკურორი] ჩვენი პროკურორი იყო... შეუძლებელია გინდოდეს ქვეყნის გაერთიანება და არ გინდოდეს გარისკვა;  შეუძლებელია გინდოდეს ქვეყნის გაერთიანება, მათ შორის შესაძლო სამხედრო ოპერაციით, და ამავე დროს გინდოდეს ნობელის მშვიდობის პრემიის მიღება... მას არ აქვს აფხაზეთის რეინტეგრაციის სურვილი, ქვეყნის გაერთიანების სურვილი”.

პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 27 დეკემბერს გაკეთებული განცხადების, რომ ოქრუაშვილი ”უდიდესი შეცდომა” იყო, საპასუხოდ ოქრუაშვილმა განაცხადა: ”დიახ, ვეთანხმები, რომ მე მისი მთავარი შეცდომა ვიყავი, რადგანაც მე არ ვიყავი სამარცხვინო, როგორც მერაბიშვილი, მე არ ვუხრიდი თავს როგორც [ზურაბ] ადეიშვილი [ყოფილი გენერალური პროკურორი და ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი] და მე არ ვიყავი [დეპუტატი გიგა] ბოკერიასნაირი; ამიტომ შეიძლება იფიქროს, რომ მე მისი მთავარი შეცდომა ვიყავი... მე მას უზარმაზარი დისკომპორტი შევუქმენი და მე ის ფაქტიურად გავანადგურე - თუ შემიძლია ამ ტერმინის ამ კონტექსტში გამოყენება”.

 

Civil.Ge © 2001-2024