ბაღაფში მიესალმება რუსეთის მიერ სანქციების მოხსნას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Mar.'08 / 11:24

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”კანონზომიერი” უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებას აფხაზეთის მიმართ 1996 წელს დსთ-ს ეგიდით დაწესებული სანქციების მოხსნას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს შემდგომ ინტეგრაციას რუსეთთან.

რუსეთმა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება 6 მარტს მიიღო და მსგავსი ქმედებისკენ თანამეგობრობის სხვა სახელმწიფოებსაც მოუწოდა.

”ჩვენთვის ეს კარგი, სასიამოვნო ცნობაა,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით, ”სანქციების მოხსნა ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკურ ინტეგრაციას რუსეთთან”.

აფხაზეთის ლიდერი აცხადებს, რომ სანქციების მოხსნა ახალ იმპულსს შესძენს აფხაზეთის ეკონომიკის ზრდას. 

”როცა ბლოკადის საკითხი მოხსნილია, უფრო ადვილია გარე სამყაროსთან საუბარი,”- აღნიშნავს ბაღაფში.

იმავდროულად, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის ქმედებას დსთ-ს სხვა სახელმწიფოებიც მიბაძავენ და გააუქმებენ აფხაზეთის მიმართ დაწესებულ ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო, სატრანსპორტო და სხვა სახის შეზღუდვებს.

თბილისმა უკვე მისცა მკვეთრად ნეგატიური შეფასება მოსკოვის გადაწყვეტილებას და მას â€áƒ£áƒ™áƒ˜áƒ“ურესად საშიში პროვოკაცია” უწოდა, რომლის უკანაც, ქართული მხარის ვარაუდით, სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერის მოტივაცია დგას. საქართველოს ხელისუფლებამ ასევე გააფრთხილა ”ადეკვატურ ზომებზე” ეროვნული ინტერესების დასაცავად.

იმავდროულად, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გეგმავს ორი მიმართვის მიღებას გაეროსა და რუსეთის სახელზე, სადაც კიდევ ერთხელ მოითხოვს აფხაზეთის დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებას. ამ მიმართვას, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის ანალაგიურ თხოვნებთან ერთად, რუსეთის სათათბირო 13 მარტს განიხილავს.  

Civil.Ge © 2001-2024