თბილისი აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ”საშიშ პროვოკაციად” მიიჩნევს
/ 7 Mar.'08 / 12:04
სივილ ჯორჯია

რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ შეთანხმების დატოვება ”ამორალური და საშიშია,” განაცხადეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ცალმხრივად გამოდის 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის მოტივად მოსკოვმა ”შეცვლილი ვითარებები” დაასახელა.

შეთანხმებას, რომელიც კრძალავს სავაჭრო, ეკონომიკურ, ფინანსურ, სატრანსპორტო და სხვა კავშირებს აფხაზეთთან, დსთ-ს 12 წევრმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი. თავის განცხადებაში, რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე მოუწოდა დსთ-ს სხვა სახელმწიფოებს იგივე გააკეთონ აფხაზეთთან მიმართებაში.

თუმცა თბილისი ვარაუდობს, რომ ამ გადაწყვეტილების რეალური მოტივაციაა სეპარატისტების სამხედრო მხარდაჭერისთვის სამართლებრივი ბარიერების მოხსნაა.

”აღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამოსვლით რუსეთი იხსნის ვალდებულებას, არ დაუშვას აფხაზური მხარისთვის ყველა სახის შეიარაღების, შესაბამისი ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების, საომარი მასალების, სამხედრო სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის მიყიდვა და მიწოდება (პუნქტი 3); ასევე - აღკვეთოს საკუთარი მოქალაქეების დაქირავება და მათი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში იქ მოქმედ ნებისმიერ შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობისათვის (პუნქტი 5 ა),”- ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების 7 მარტის საპასუხო განცხადებაში, ”ვშიშობთ, რომ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ვალდებულებების მოხსნა, და არა რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად უკვე ისედაც იგნორირებული ეკონომიკური ან ჰუმანიტარული შეზღუდვების გაუქმება, წარმოადგენს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების ძირითად მოტივაციას”.

ასეთ ვითარებაში ქართული მხარე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას განახორციელოს ”ადექვატური ქმედებები” საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

რუსეთის განცხადებას ორი კვირით ადრე წინ უძღოდა ქართული მხარის მოწოდება მოსკოვისადმი სრულფასოვნად შეესრულებინა 1996 წლის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს საკითხი 21 თებერვალს მოსკოვში თავის რუს კოლეგასთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დააყენა. სააკაშვილმა განაცხადა: ”[რუსეთმა] უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები დსთ-ს 1996 წლის სანქციებთან დაკავშირებით. იცით, რომ 1996 წლიდან მოქმედებთ ფორმალურად სანქციები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის აფხაზეთის მიმართ. ბევრი ეს სანქცია ეფექტურად ვერ ხორციელდება და ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ და ვითხოვთ რუსეთის ხელმძღვანელობისგან სრული მოცულობით, სრული მასშტაბით განახორციელოს ეს სანქციები აფხაზეთში ეთნიკური წმენდის ჩამტარებლების მიმართ”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ და სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა კატეგორიულად დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება.

”ამორალურია საუბარი დევნილების დაბრუნებაზე მაშინ, როცა ასობით ათასი მსხვერპლი ეთნიკური წმენდის ვერ ბრუნდება საკუთარ, უკანონოდ გაყიდულ სახლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე, უკანონოა სეპარატიზმის ნებისმიერი მხარდაჭერა მეზობელ სახელმწიფოში და ეს არის საშიში გადაწყვეტილება, რადგანაც ამგვარი ქმედებით ჩვენ გადავდივართ სრულიად ახალ ფაზაზე,” - განაცხადა ბაქრაძემ, რომელიც ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, 6 მარტს.

”ამგვარი გადაწყვეტილებით, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე და ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საკითხს, რომ რუსეთი არის კონფლიქტის მხარე,” - განაცხადა იაკობაშვილმა, თან იქვე დასძინა, რომ კონფლიქტის მონაწილეები ვერ იმოქმედებენ როგორც სამშვიდობოები. ცნობილია, რომ რუსეთს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალები დსთ-ს ეგიდით ჰყავს განთავსებული.

იაკობაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში მოყვანილი ინფორმაცია ”ტყუილია”.

რუსეთის საგარეო უწყებამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ შეთანხმების მიზანი იყო დაეყოლიებინა აფხაზეთი უფრო მოქნილი პოზიცია დაეკავებინა, პირველ რიგში, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხში.

”დღეს სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. გალის რაიონში დაბრუნდა იქ მაცხოვრებელი ქართული ეროვნების დევნილთა უმეტესობა. ამ პროცესის შემდგომ წინსვლას აფერხებს საქართველოს უარი მათი რეგისტრაციის წესზე, რომელიც დევნილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მიერ იქნა შეთავაზებული,” - ნათქვამი მოსკოვის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ ასევე შეაქო აფხაზური მხარე იმის გამო, რომ ”ის ასრულებს მის ვალდებულებებს ყველა ძირითადი შეთანხმებების თანახმად და მზად არის პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას კონფლიქტის ზონაში ნდობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად”. ამავე დროს, რუსეთის საგარეო უწყებამ გააკრიტიკა ქართული მხარე, რადგანაც ის ”არ იჩენს ანალოგიურ კონსტრუქციულ მიდგომას ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულების მიმართ... ფაქტიურად შლის მოლაპარაკებების პროცესს”.  

”ამ ფონზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიერ დადგენილი აკრძალვების შენარჩუნება მთლიანად კარგავს აზრს, აფერხებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების რეალიზაციას რეგიონში და აფხაზეთის ხალხს გაუმართლებელ სირთულეებს უქმნის,” - დასძენს რუსეთის საგარეო უწყებამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ”პროვოკაცია” უწოდა.

”ეს ნამდვილი პროვოკაციაა, შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვთქვა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ამას ადეკვატურად შეაფასებს,” - განაცხადა ბურჯანაძემ 6 მარტს.

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”კანონზომიერი” უწოდა რუსეთის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს შემდგომ ინტეგრაციას რუსეთთან.

სანქციების მოხსნას შესაძლოა მოყვეს აფხაზეთის შესაძლო ჩართვა 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მომზადების პროცესში. 

რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა იური ლევიტინმა 5 მარტს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სხდომაზე განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის გამოყენება 2014 წლის ზამთრის თამაშებისთვის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის ფარგლებში ბევრ იმ პრობლემას მოხსნიდა, რომელიც შეიძლება მომავალში წამოიჭრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენების ნებისმიერ მცდელობას თბილისთან შეთანხმების გარეშე განიხილავს, როგორც ანექსიას.

Civil.Ge © 2001-2024