“ნულოვანი ტოლერანტულობა აფხაზეთის მილიტარიზაციას” - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'08 / 12:29

”ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკას აფხაზეთში სამხედრო ძალების, ტექნიკის, სამხედრო ინსტრუქტორების, დაქირავებული სამხედრო ძალის შემოყვანაზე,” - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 7 მარტს.

მან ეს განცხადება ეროვნული უშიშროების სხდომაზე გააკეთა, რომელიც აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მოიწვია.  

ქვემოთ მოცემულია პრეზიდენტ სააკაშვილის სრული განცხადება 1996 წლის დსთ-ს შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

”რუსეთის ყველა დონის თანამდებობის პირები გვაფრთხილებდნენ, რაც ამ გადაწყვეტილების წინაპირობა იყო, რომ ისინი კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით, ამერიკისა და დასავლეთისთვის პასუხის გაცემას სწორედ საქართველოსთან, კერძოდ, აფხაზეთთან მიმართებაში აპირებდნენ.

ამგვარად, რუსეთი ამას განიხილავს არა როგორც მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რაც თავისთავად ასეა, არამედ მათ დემარშს ზოგადად დასავლეთის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და ამერიკის მიმართ.

მათ სწორედ ასე, პირდაპირ განგვიცხადეს ჩვენი მოსკოვში ყოფნის დროს.

ეს ძალზე სამწუხაროა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ვიმედოვნებდით და გარკვეული ნაბიჯებიც გადავდგით ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობოსებისათვის.

უნდა ითქვას შემდეგი რამ: ეკონომიკური სანქციების მოხსნა აფხაზეთისათვის, მანამდე კი პასპორტების გაცემა იქ დარჩენილი მოსახლეობის 20%-თვის - იქაური მოსახლეობის 80% გაძევებულია ყველაზე ბრუტალური და დავიწყებული ეთნიკური წმენდის შედეგად- არის ამორალური და უკანონო ქმედება, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართლისა და ადამიანურობის წინააღმდეგ.

მინდა ვუთხრა ყველა იურიდიულ პირს რუსეთიდან, რომელიც ფიქრობს, ახორციელებს ინვესტიციას, ან რაიმე სახის სამართლებრივ ან ეკონომიკურ მოქმედებას აფხაზეთის მიმართ - ეს არის ქონება, რომელიც ეკუთვნის აფხაზეთიდან გაძევებულ ეთნიკურ ქართველებს, ეთნიკურ რუსებს, ეთნიკურ ებრაელებს, ეთნიკურ ბერძნებს, ეთნიკურ უკრაინელებს, ეთნიკურ ესტონელებს.

მინდა ამ ხალხს ვუთხრა, მე ვაძლევ მათ სიტყვას და ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ისინი ამ ქონებას დაიბრუნებენ!

ასევე ვაძლევ სიტყვას ამ ქონების უკანონოდ შეძენის ყველა შესაძლო მსურველს რუსეთიდან, მათ ეს ქონება ჩამოერთმევა!

ეს არის საქართველოს პრეზიდენტის კატეგორიული და მკაცრი გაფრთხილება, რომელსაც ამის განხორციელების კანონიერი უფლება აქვს!

მეორე და მთავარი საკითხი - რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ქმედება არის უკიდურესად მძიმე პროვოკაცია, რომელიც პირდაპირ მიმართულია რეგიონში და მთლიანად კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისა და სრულიად გაუთვლელი, უკონტროლო პროცესების გამოწვევისკენ.

საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსგავსი პროცესების განვითარების სცენარი თავიდან აიცილოს.

ეს სანქციები, უპირველეს ყოვლისა, დაწესებული იყო სამხედრო ტექნიკის, რუსეთის ან, ზოგადად, უცხოეთის სამხედრო ინსტრუქტორების და სამხედრო ძალების შემოყვანაზე.

ამგვარად, რუსეთმა ამ საქციელითა და გამოსვლით, პრაქტიკულად, კურსი აიღო ამ რეგიონის მილიტარიზაციის საფრთხის შექმნისკენ. მინდა დღეს მკაცრად დავაფიქსირო საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების პოზიცია:

ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკას აფხაზეთში სამხედრო ძალების, ტექნიკის, სამხედრო ინსტრუქტორების, დაქირავებული სამხედრო ძალის შემოყვანაზე. ჩვენ ვაცხადებთ ნულოვანი ტოლერანტულობის პოლიტიკას აფხაზეთის მილიტარიზაციაზე.

აფხაზეთის მილიტარიზაციის დაწყების და გაღრმავების შემთხვევაში, ყოველგვარ შედეგზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის მთავრობას, რომელმაც ამ გადაწყვეტილებით, მოვლენათა ასეთ განვითარებას, პრაქტიკულად, საფუძველი შეუქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ინტერესებს არ შეესაბამება დესტაბილიზაცია.

ჩვენ მზად ვართ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან გახსნილად, ღიად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ყოველგვარი გართულებები თავიდან ავიცილოთ. მაგრამ მიმაჩნია, რომ საქართველოს რომელიმე ნაწილის ქცევა გეოპოლიტიკური თამაშების მძევლად, გაუთვლელი და საშიში ნაბიჯია, უპირველესად, ამ გადაწყვეტილების ინიციატორთათვის. ვფიქრობ, ეს არის ძალიან მცდარი ნაბიჯი, უზნეო და ძალიან პროვოკაციული ნაბიჯი.

მინდა ყველას მოვუწოდო კონსოლიდაციისკენ, სიმშვიდისკენ, ორგანიზებულობისა და სიფხიზლისკენ.

საქართველო-რუსეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის. ჩვენ არავისთვის არ მიგვიცია საზღვრის უკანონო გადაკვეთის, რაიმე ქმედებების განხორციელების ან რაიმე ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმის ნებართვა. საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ყველა ეს ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს.

მიმაჩნია, რომ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან; ასევე უნდა გავაგრძელოთ ჩვენი კურსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისკენ, ბუქარესტის ნატოს სამიტის მომზადებისკენ. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ ნატოს სამიტის წინ იდგმება ეს ნაბიჯები, მაგრამ საქართველო არ უნდა აცდეს თავის სტრატეგიულ, მთავარ მიმართულებას. ეს არის მთავარი, რა დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ შექმნილი სიტუაციიდან”.


 

Civil.Ge © 2001-2024