სააკაშვილი ჟურნალისტის გათავისუფლებას მის გაფრთხილებას უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'08 / 12:30

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ იმიტომ გადაწყვიტა ქართველი ჟურნალისტის და კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლება, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებას შეეშინდა თბილისის გაფრთხილების, რომ საკითხის მოგვარებაში პოლიცია ჩაერეოდა.

”ეს იყო ჩვენი კატეგორიული პასუხის შედეგი. ეს არ იყო მათი [აფხაზური მხარის] კეთილი ნების შედეგი. მათ ეს იმიტომ გააკეთეს, რომ შეეშინდათ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ეს განცხადება არ შეესაბამებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ადრინდელ რიტორიკას ამ საკითხზე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ორივემ ხაზი გაუსვეს, რომ ქართველების გათავისუფლება იყო ქართველი და აფხაზი ჟურნალისტების ერთობლივი მცდელობების შედეგი.

აფხაზურმა მხარემ ტელეკომპანია ”მზის” ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია 6 მარტს გაათავისუფლა. ორივე გალის რაიონში 26 თებერვალს ”საზღვრის უკანონო გადაკვეთის” მოტივით დააკავეს. აფხაზური მხარის განცხადებით, მათი გათავისუფლება კეთილი ნების კიდევ ერთი ჟესტი იყო.  

Civil.Ge © 2001-2025