სააკაშვილი ოპოზიციას საპროტესტო აქციის წინ ერთიანობისკენ მოუწოდებს
/ 8 Mar.'08 / 17:19
სივილ ჯორჯია

ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციას გარე საფრთხეების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 მარტს ოპოზიციას მოუწოდა ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და პირადად მასთან, რუსეთის მიერ აფხაზეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის თაობაზე ”პროვოკაციული და საშიში” გადაწყვეტილების ფონზე.

”ეს არის ის მომენტი, როცა ყველა სხვა რაღაცა უნდა გადადიოდეს უკანა პლანზე,” - განაცხადა სააკაშვილმა თავის სატელევიზიო გამოსვლაში. ” მე მინდა ვუთხრა ოპოზიციას: ჩვენ ბევრ რაღაცაში უნდა ვკამათობდეთ - ოპოზიცია მნიშვნელოვანი ნაწილია დემოკრატიული მექანიზმის - უმეტეს შემთხვევაში შეიძლება არ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც არ შეიძლება, რომ არ ვთანხმდებოდეთ. მე მინდა მოვუწოდო მათ დასხდნენ ჩემთან ერთად, ჩვენთან ერთად, საქართველოს მთავრობასთან ერთად და გამოვიმუშავოთ ჩვენი ერთობლივი პასუხი, ჩვენი ერთობლივი პოზიცია რუსეთის ამ პროვოკაციულ, საშიშ ქმედებასთან დაკავშირებით”. 

ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიას ადრე მრავალჯერ უთქვამს, რომ ისინი არ ცნობენ სააკაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად 5 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების გამო და მასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. ამის გამო ოპოზიციურმა პარტიებმა დიალოგი აწარმოეს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.

5 მარტს რვა პარტიისგან შემდგარმა ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ 9 მარტიდან ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს. რვა ოპოზიციური პარტიის კოალიციამ 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული ეუთოს საბოლოო დასკვნის საფუძველზე მოითხოვა ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ოპოზიციის თქმით, ამ საკითხთან ერთად, ისინი ასევე მოითხოვენ ხელისუფლებისგან 29 იანვარს გამოქვეყნებულ მემორანდუმში გახმოვანებული მოთხოვნების შესრულებას.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელმაც ახლახანს დატოვა ოპოზიციური კოალიცია, განაცხადა, რომ შეუერთდება ოპოზიციის აქციას. თუმცა, პარტიამ აღნიშნა, რომ ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წინააღმდეგია იყო, რადგანაც მთავარი მიზანი უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომლის დროსაც ოპოზიცია შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას ახალ პარლამენტში და შემდეგ გააუქმებს საპრეზიდენტო მმართველობას. ”9 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარების გარდა, სხვა მოწოდებაც არის და ეს არის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარება, ამ მოთხოვნით ჩვენ ყველა აქციაში მივიღებთ მონაწილეობას,” - განუცხადა Civil.Ge-ს თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან.

ახალმა მემარჯვენეებმა დღეს განაცხადეს, რომ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება აქციაში მონაწილეობის თაობაზე, ხოლო ლეიბორისტული პარტია არ აპირებს აქციაში მონაწილეობას.   

9 მარტს პარლამენტის წინ დაგეგმილი საპროტესტო აქცია ერთგვარი გამოცდა იქნება ოპოზიციური კოალიციისთვის, რომელმაც ორი კვირის წინ მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა საპროტესტო აქცია და შიმშილობა. ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ბევრი მხარდამჭერის მწვავე რეაქცია მოყვა და თავად კოალიციაში უთანხმოების მიზეზი გახდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა რესპუბლიკურმა პარტიამ - მაშინ ჯერ კიდევ კოალიციის წევრმა - თუმცა სხვა წევრებმა მწვავედ გააკრიტიკეს. 9 მარტის საპროტესტო აქციაზე გამოჩნდება, თუ რა შედეგი იქონია ამ საკამათო გადაწყვეტილებამ და რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლამ ოპოზიციის კამპანიაზე და კარგავს თუ არა ის მუხტს.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლის პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ასევე კოალიციის ნაწილია, გასულ კვირას გააკრიტიკა კოალიცია იმის გამო, რომ უფრო რადიკალური პოზიცია არ დაიკავა და ხელიდან გაუშვა ხელისუფლებაზე ზეწოლის მომენტი.

”მოსახლეობაში არსებული განწყობა ოპოზიციისგან რადიკალურ და მწვავე ქმედებებს მოითხოვდა. მათ [ოპოზიციამ] ეს ვერ შეამჩნია. ბუნებრივია, რომ არის იმედგაცრუების ნიშნები [ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის] და ახლა ოპოზიციამ როგორღაც რეაგირება უნდა მოახდინოს ამ იმედგაცრუებაზე,”- განაცხადა მან ტელეკომპანია ”კავკასიასთან” ინტერვიუში. ინტერვიუ ოთხი დღით ადრე ჩაიწერა, სანამ ოპოზიციური კოალიცია გამოაცხადებდა, რომ 9 მარტს საპროტესტო აქციების განახლებას გეგმავს.

Civil.Ge © 2001-2024