დანიელ ფრიდი აფხაზეთისთვის სანქციების მოხსნაზე რუსეთის გადაწყვეტილებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Mar.'08 / 17:45

აშშ-ს სინანულს გამოთქვამს რუსეთის გადაწყვეტილების გამო გამოვიდეს დსთ-ს შეთანხმებიდან, რომელიც აფხაზეთს სანქციებს უწესებს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდმა 8 მარტს. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთი ”გადადგამს რაიმე უკიდურეს ნაბიჯს, როგორიცაა აფხაზეთის აღიარება.”

”ჩვენ არ გვესმის, როგორ უწყობს ეს ხელს სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ უწყობს ეს ხელს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას ან რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებას,” - განაცხადა ფრიდმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას, ”აფხაზეთის კონფლიქტი რთულია და მისი მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დიალოგის გზით არის შესაძლებელი”.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური გზით იმოქმედებს ”რათა ნათელი გახადოს, რომ ის არ არის ჩართული და არ აპირებს ჩაერთოს სამხედრო ავანტიურაში”.

მისი თქმით, აშშ-მა უკვე დააყენა ეს საკითხი რუსეთთან. ”ჩვენ ვკითხეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რატომ გააკეთეს ეს და რა განზრახვა აქვთ მათ... ჩვენ áƒ’ვაქვს დიალოგი რუსეთთან ამ საკითხებზე,” - განაცხადა ფრიდმა.

მან ასევე განაცხადა: ”არა მგონია, რომ რუსეთი გადადგამს რაიმე უკიდურეს ნაბიჯს, როგორიცაა აფხაზეთის აღიარება. მათ ალბათ იციან, რომ ამას მძაფრი წინააღმდეგობა და ძალიან ძლიერი რეაქცია მოყვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან”.

დანიელ ფრიდმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველომ ”დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, მიუხედავად გასული წლის ნოემბრის პრობლემებისა”.


 

Civil.Ge © 2001-2024