ბურჯანაძე: საქართველო ძალიან ახლოა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმასთან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'08 / 10:30

საქართველო ისე ახლოსაა ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP)როგორც არასდროს, განაცხადა ბრიუსელიდან ჩამოსულმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 8 მარტს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.

”შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საქართველო ძალიან ახლოსაა თავის მიზანთან, რომელიც არის ნატოს წევრობის სამოქმედი გეგმა - რის შემდეგაც ჩვენ მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა დაგვაშორებს ალიანსში გაწევრიანებას. ჩვენი მეგობრებისგან ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გვაქვს. ჩვენს მიერ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს, ასევე სტაბილურობას ქვეყანაში და კონსოლიდაციას ქვეყნის შიგნით სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ამ პროცესისთვის,” - განაცხადა მან.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ნატო საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმავს ბუქარესტში აპრილში დაგეგმილ სამიტზე შესთავაზებს. ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 6 მარტს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს MAP-ში მოწვევაზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მსჯელობა ამ საკითხზე ბუქარესტის სამიტამდე გაგრძელდება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 6 მარტს განაცხადა, რომ ის ”სკეპტიკურად” არის განწყობილი საქართველოს და უკრაინის MAP-ში გაწევრიანების შანსების მიმართ, იტყობინება Deutsche Welle.

ბურჯანაძემ 8 მარტს ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში მისწრაფება კიდევ უფრო გააუარესებს რუსეთთან ურთიერთობებს, ”თუმცა, მე მაინც იმედი მაქვს, რომ თანდათან ეს ურთიერთობები გამოსწორდება”.          


 

Civil.Ge © 2001-2024