სააკაშვილმა მიტევება ითხოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Mar.'08 / 12:45

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს სამების საკათედრო ტაძარში შენდობის დღისადმი მიძღვნილი ლოცვის შემდეგ მოსახლეობას მიტევება თხოვა.

”მინდა შენდობა ვთხოვო როგორც მთავრობას, ასევე ოპოზიციას; იმ ხალხს, ვინც მხარს გვიჭერს და მინდა შენდობა ვთხოვო იმ ხალხსაც ვინ არ გვეთანხმება და გვეკამათება, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი ვალი და ყველაზე დიდი მოვალეობაა ქრისტიანისთვის იყოს მიმტევებელი თვითონ და იყოს მუდმივად მიტევების, შენდობის ძიებაში. მხოლოდ ამ პირობებში არის შესაძლებელი ნამდვილი ერთიანობა,”- განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ერთიანობისაკენ იმ ფონზე, როცა საქართველო ”ძალიან ახლოა”, რომ სამ კვირაში ნატოს ბუქარესტის სამიტზე ”მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში” წევრობის სამოქმედო გეგმა მიიღოს და ასევე ”ვართ ერთ ნაბიჯში, რომ აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა”.

”ჰაერში არის მოთხოვნა და სულისკვეთება საქართველოს ერთიანობის, ერთიან ფასეულობებზე შეთანხმების,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის ერთიანობა მთავრობის და ეკლესიის, ეს არის ერთიანობა ერის და ბერის, ეს არის ერთიანობა მთავრობის და ოპოზიციის, ეს არის ერთიანობა ყველა ეთნიკური წარმომავლობის ჩვენი მოქალაქეების, ეს არის ერთიანობა საქართველოში მცხოვრები ქართველები და საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა”.

მანამდე სააკაშვილმა ოპოზიციას 8 მარტს, საპროტესტო აქციამდე ერთი დღით ადრე მოუწოდა ერთიანობისკენ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება აფხაზეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნაზე რუსეთის გადაწყვეტილებაზე ერთობლივი პასუხის გაცემას. თუმცა ოპოზიციამ ამ შეთავაზებას სააკაშვილის მორიგი PR-ნაბიჯი უწოდა და საპასუხოდ მისგან მოითხოვა მიიღოს დსთ-დან გამოსვლისა და კონფლიქტების ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანის გადაწყვეტილება; ასევე 75 მაჟორიტართან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შეჩერება.

Civil.Ge © 2001-2024